ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ამბობს, რომ ისურვებდა, მსგავსი პოლიტიკური საქმეები პოლიტიკურად წყდებოდეს და არ ინაცვლებდეს სასამართლოში".
გალერმა, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო, ამერიკის ხმასთან თქვა, რომ დასავლელი პარტნიორები მიხეილ სააკაშვილს დაჟინებით ურჩევდნენ, არ წასულიყო საქართველოში, რადგან ნათელი იყო, რომ მას დააკავებდნენ.
"ჩვენი შიში იმაში მდგომარეობდა, რომ ვფიქრობდით, ეს პარტიებს შორის /დაძაბულობას გაამწვავებდა. ახლა შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ასე არ მოხდა. განცხადებების მიღმა მის ჩასვლას საარჩევნო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ სამართლიან პროცესს და დამოუკიდებელ სასამართლოს და ყველა პროცედურა იქნება კანონის შესაბამისი". - თქვა გალერმა.
მისივე განცხადებით, ევროკავშირისა და ევროპარლამენტისთვის მთავარი ფოკუსი 19 აპრილის შეთანხმების შესრულებაა და ეს არ ეხება მხოლოდ 43%-ს - ეს ეხება სასამართლო რეფორმასაც.
"მე ვფიქრობ, რომ შეთანხმება ყველამ უნდა შეასრულოს. მიხეილ სააკაშვილის საქმის მიღმა, მე ვისურვებდი, მსგავსი პოლიტიკური საქმეები პოლიტიკურად წყდებოდეს და არ გადადიოდეს სასამართლო სფეროში.ეს გვინახავს იანუკოვიჩის დროს, ტომოშენკოს შემთხვევაში. მე ვფიქრობ, პოლიტიკური დაპირისპირება პოლიტიკურად უნდა გადაიჭრას.
არ შევალ დეტალებში, ცუდად იქცეოდა თუ არა სააკაშვილი, როცა ხელისუფლებაში იყო. თუმცა, ვისურვებდი, ისე დალაგდეს, რომ სხვადასხვა პარტიებს მიეცეთ საშუალება, ერთად უკეთ იმუშაონ ქვეყნისთვის. ვფიქრობ, ქართველები პოლიტიკური ჩიხით და ატომოსფეროთი დაღლილები არიან". - თქვა ევროპარლამენტარმა ამერიკის ხმასთან.