logo
ENG



გალუზინი ოცნების მსგავსად ამტკიცებს, რომ დასავლეთს საქართველოში მაიდნის სცენარი სურს

04 ივნ 202415:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/04/oqpwmwmidlzqgjv.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი პროპაგანდისტულ TASS-თან ინტერვიუში ქართული ოცნების წარმომადგენლების მსგავსად იმეორებს, რომ დასავლეთს საქართველოში მაიდნის სცენარის გამეორება სურს.

"ვხედავთ დასავლელების მცდელობებს, დაძაბონ საქართველოში სიტუაცია ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში... არ გამოვრიცხავთ, რომ მიზანი მაიდნის სცენარის განხორციელების მცდელობით ხელისუფლების ცვლილებაა, რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერის შექმნის იმედით", - ამბობს გალუზინი.

ამასთან, გალუზინმა თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლაზეც ისაუბრა. ოცნების წევრების მსგავსად, ისიც ამ ყველაფერს შიდა საქმეებში ჩარევად თვლის.

"ეს ყველაფერი არის ნეოკოლონიალური პრაქტიკის საზიზღარი მაგალითები ქვეყნებზე, რომელთა სუვერენიტეტის შეზღუდვას ცდილობენ... ამასთან, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვერევით სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში", - განაცხადა გალუზინიმ.

აგენტების კანონის ხელმეორედ ინიციირების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში მაიდანის სცენარსა და ხელისუფლების დამხობის საფრთხეზე ალაპარაკდნენ.

რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს, პრემიერმა ამერიკის მიერ მხარდაჭერილი რევოლუციის მესამე მცდელობა უწოდა — ეს განცხადება კობახიძემ პოლიციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გააკეთა.

ამასთან, კობახიძემ "ამერიკელების მიერ დაფინანსებულ" ენჯეობზე საუბრისას თქვა, რომ მათ საქართველოში რევოლუცია ორჯერ სცადეს, რაც ქვეყნის წინსვლას აფერხებდა.

"შეგახსენებთ, რა იყო მათი საქმიანობის შედეგები - ეს იყო ორი რევოლუციის მცდელობა. 2021 წელს და ასევე 2022 წელს, მათ ჰქონდათ რევოლუციის ორი მცდელობა. ასეთი მოვლენები, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას", - განაცხადა კობახიძემ.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას გლობალური ომის პარტია ებრძვის, რომლისთვისაც „საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს“ და სწორედ ამ ძალამ დააპირისპირა რუსეთთან ჯერ საქართველო, ხოლო შემდეგ - უკრაინა.


close დახურვა