logo
ENG



გამომცემლები და მწერლები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მწერალთა სახლთან არ ითანამშრომლებენ

01 ოქტ 202313:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/01/b7a4i7onh7hk0nb.jpg

გამომცემლები და მწერლები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მწერალთა სახლთან არ ითანამშრომლებენ. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ გამომცემლობები სულაკაური, ინტელექტი, პალიტრა L და არტანუჯი.

"საქართველოს მწერალთა სახლთან ბოიკოტში მყოფ ქართველ გამომცემლებს გვსურს კიდევ ერთხელ გაცნობოთ, რომ ჩვენი ბოიკოტის მთავარი მიზეზია ის საფრთხე, რომელიც, კულტურის სამინისტროს ამჟამინდელი პოლიტიკის გამო, თანამედროვე ქართული სალიტერატურო პროცესისა და ზოგადად ქართული კულტურის თავისუფლებას ემუქრება. მიგვაჩნია, რომ კულტურის სფეროს უკიდურესი შევიწროებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ჩვენს ქვეყანაში სიტყვის, გამოხატვის და გამოცემის თავისუფლებაც.

სწორედ ამიტომ, ბოიკოტში მყოფმა გამომცემლებმა და მწერლებმა გადავწყვიტეთ დავიცვათ ბოიკოტის პირობების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები და არ ვითანამშრომლოთ მწერალთა სახლთან არც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში.

თუმცა, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთვის უძვირფასესია ის მრავალწლიანი პროფესიული ურთიერთობა, რომელიც გვაკავშირებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან და გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი გამომცემლები და მწერლები უწყვეტად წარადგენდნენ ქართულ ლიტერატურას ამ საერთაშორისო ფორუმზე (2018 წელს მიღწეული უდიდესი წარმატების შემდეგ კი ამ პროცესის უწყვეტობა ერთი-ორად აუცილებელია, როგორც ჩვენი პროფესიული წარმატების, ისე ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისა თუ ეროვნული მიზნებისთვის), ბოიკოტში მყოფმა ქართველმა გამომცემლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი სახსრებით წარვდგეთ დამოუკიდებელი ქართველი გამომცემლების სტენდით, რომელიც ღია იქნება ყველა იმ ქართველი გამომცემლისთვის, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან წლევანდელ წიგნის ბაზრობაზე, განურჩევლად იმისა, იზიარებენ თუ არა ჩვენი ბოიკოტის პირობებს. აღნიშნული გადაწყვეტილებით გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ, მიუხედავად შესაძლო აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენ ვინარჩუნებთ სექტორის ერთიანობას.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამომცემლების ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრებიან ქართველი ავტორებიც და მიიღებენ მონაწილეობას უკვე დაგეგმილ ღონისძიებებში.

იმედი გვაქვს, რომ ამ ინიციატივას მხარდაჭერას გამოუცხადებენ ჩვენი მუდმივი პარტნიორები, დამოუკიდებელი ორგანიზაციები თუ ფონდები, რომლებთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძვიან საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერად", - ნათქვამია განცხადებაში.

მწერალთა ბოიკოტის გამო, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი, სავარაუდოდ, წელს არ იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პუბლიკამ გაავრცელაფორმულასთან საუბრისას აღნიშნული ინფორმაცია მწერალთა სახლის დირექტორმა, ქეთი დუმბაძემ არ უარყო.

წლევანდელი პროგრამით ბაზრობაში მონაწილეობა უნდა მიეღო სამ ქართველ მწერალს, თამთა მელაშვილს, ეკა ქევანიშვილსა და აბო იაშაღაშვილს, თუმცა ისინი მწერალთა სახლთან დირექტორის პოზიციაზე ქეთი დუმბაძის დანიშვნის შემდეგ აღარ თანამშრომლობენ.

ბოიკოტის რეჟიმშია წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, რომელიც მწერალთა სახლთან ერთად პროექტის ორგანიზატორი იყო.

***

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, საქართველოს მწერალთა სახლს 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე ხელმძღვანელობს.

მისი ხელმძღვანელად დანიშვნას კულტურის სფეროს წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა - თავად მწერალთა სახლმა გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის პროექტების თავისუფალ და უცენზურო მართვას.

აგვისტოს დასაწყისში მწერალთა სახლის ხელმძღვანელმა ნატა ლომოურმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ 5 დღეში დირექტორობის ვადა ეწურება. ლომოური ფეისბუქზე წერდა, რომ სამინისტროს წერილობით უკვე აცნობა, რომ ვადის გაგრძელებით იყო დაინტერესებული.


close დახურვა