გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება დაჭრილი ცოტნე გამსახურდიას ცოლი. ანა ჯაბაურის თქმით, პირველი პრეზიდენტის შვილს არა ერთი, არამედ 4 ან 5 ადამიანი დაესხა თავს. გამსახურდიას ცოლი მისი მეუღლის ფიზიკურ მონაცემებზე საუბრობს და ამბობს, რომ თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შემდეგ ადგილიდან 4-5 კაცი გარბოდა.
„კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ ვერსიას. რა თქმა უნდა, ძალიან მადლობელი ვარ, ასე ოპერატიულად აიყვანეს დამნაშავეები, ხოლო არ ვეთანხმები ვერსიას, რომ ცოტნეს დაესხა მხოლოდ ერთი ადამიანი და 4 უყურებდა ამას, ეს არის გამორიცხული, რადგან კარგად ვიცი ცოტნეს ფიზიკური მომზადების შესახებ. ყავარჯნის ნამტვრევები და სისხლი იყო ყველგან, თავიდან იფიქრებდი რომ ჩხუბი იყო რაღაც, მაგრამ ცოტნე იყო ერთი და იქ თავს დაესხა 5 კაცი, ეს არის მეზობლების ვერსიაც და კატეგორიულად გამოვრიცხავ იმას, რომ ცოტნეს ერთი კაცი სცემდა დაა 4 უყურებდა“, - განაცხადა ანა ჯაბაურმა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს. საქმეზე ხუთი პირი დააკავეს, აქედან ერთს ბრალი ედება განზრახ მკვლელობის მცდელობაში, დანარჩენ 4 პირს კი გამოძიება მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.