დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები იმაზე მეტია, რაც ვლინდება. მისი თქმით, ეს ხდება სხვა დაავადებების დროსაც, რადგან ვლინდება მათი ინფიცირება, ვისაც სიმპტომები აწუხებთ.
"პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ 4 ათასამდე შემთხვევა არ გვაქვს, უფრო მეტი გვაქვს. 4 ათასი ეს არის ის, რაც ვლინდება და დიაგნოსტირდება. ეს 4 ათასი არიან ადამიანები, ვისაც სიმპტომები აწუხებთ, მიდიან დასატესტად და ა.შ. დანარჩენი არიან უსიმპტომოები ან მსუბუქი შემთხვევები, რომლებსაც ვირუსი გადააქვთ სახლში და მათი დიაგნოსტირება არ ხდება. ეს არაა მხოლოდ კოვიდის დროს, ეს ხდება გრიპის დროსაც. ჩვენ რომ ვამბობთ, მსოფლიოში 59 მილიონი ადამიანია კოვიდინფიცირებული, ეს 59 მილიონი კი არ არის, სამჯერ მეტია. 59 მილიონი არის, ვინც ლაბორატორიულად დადასტურდა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს, 24 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 3 128-ით გაიზარდა. ბოლო 24 საათში, ვირუსისგან განიკურნა 3 045 ადამიანი, 39 კი გარდაიცვალა.