logo
ENG



გამყრელიძე: გარკვეული პერიოდი, ყოველდღიურად 200-500-ის ფარგლებში გვექნება შემთხვევები

28 სექ 202012:54
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: გარკვეული პერიოდი, ყოველდღიურად 200-500-ის ფარგლებში გვექნება შემთხვევები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კორონავირუსის ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 500-ის ფარგლებში იქნება.

გამყრელიძის თქმით, ჯერჯერობით, საქართველოში ეპიდსიტუაცია მართვადია.

"უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ ყოველდღიურად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გვექნება შემთხვევათა მერყეობა 200, 400, 500-ის ფარგლებში, მაგრამ მთავარია ეს ყველაფერი იყოს მართვადი", - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველო, გადავიდა იმ მოდელზე, როცა შემთხვევათა ზრდის ფონზე, აქტიურად ერთვება პირველადი ჯანდაცვა, მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების სახლში დატოვება.

"იმ ოჯახებში სადაც არის მრავალი წევრი და იზოლირება ვერ ხერხდება, ანუ არ არის ცალკე ოთახი, მაშინ ამ ადამიანებისთვის შუალედური რგოლი ჩავრთეთ -  ე.წ. კოვიდ სასტუმროები ჩავრთეთ, სადაც უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები გადიან ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობას", - განაცხადა გამყრელიძემ.

28 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ვირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 1906 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 31.


close დახურვა