logo
ENG



გამყრელიძე: ვმუშაობთ, რომ კორონავირუსის ერთ-ერთი ვაქცინა იანვარ-თებერვალში შემოვიტანოთ

08 დეკ 202012:43
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ კორონავირუსის ერთ-ერთი დამტკიცებული ვაქცინა გაცხადებულზე უფრო ადრე, იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში შემოიტანონ. ამაზე მან დღეს, 8 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"პარალელურად, მიმდინარეობს პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროს და სამთავრობო არხებით, რომ მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული ვაქცინა შემოვიტანოთ უფრო ადრე, იანვრის ბოლოს, ან თებერვლის დასაწყისში, საუბარია, 200-300 ათას დოზაზე, რათა უფრო ადრე დაიწყოს ვაქცინაცია. 

20%-დან 30%-მდე უნდა მოვიცვათ წლის პირველ ნახევარში, სადღაც შემოდგომამდე და შემდეგ კიდევ გავზარდოთ. რომ მივიღოთ საზოგადოებრივი იმუნიტეტი, გვჭირდება აცრილი იყოს მოსახლეობის 50%-დან 60%-მდე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მანვე განმარტა, რომ ამის პარალელურად, საქართველოს შეკვეთილი აქვს კორონავირუსის ვაქცინა "კოვაქს პლატფორმის" მეშვეობით, რომლის შემოტანის დრო უნდა იყოს მარტი-აპრილი. მისი თქმით, ხელშეკრულება მოიცავს 1 400 000 დოზას, ორჯერადი გამოყენებისთვის. 

გამყრელიძის ცნობით, პირველ ეტაპზე აიცრებიან რიკს ჯგუფები, მიმდინარეობს მათი ჩამოყალიბება, მათ შორის იქნებიან, სამედიცინო პერსონალი, მოხუცთა სახლები, ხანდაზმულები.

დღეს, 8 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის პირველი აცრა გაკეთდა. 90 წლის მარგარეტ კენანს ფაიზერის/ბიონტექის კორონავირუსის ვაქცინა გაუკეთეს. ამით დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე ვაქცინაციის მასობრივი პროგრამა დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრას 80 წელს გადაცილებული ადამიანები და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანები მიიღებენ.


close დახურვა