დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ სექტემბერში ასეთი ეპიდსიტუაცია იქნება, NCDC სწავლის კლასებში განახლებაზე რეკომენდაციას ვერ გასცემს.
ეს გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა.
"ღმერთმა არ ქნას, თუ ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იქნება სექტემბრის 15-ისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს, დაავადებათა კონტროლი ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ველით, რომ შეზღუდვებმა, რომელიც შემოვიტანეთ და აცრებმა სერიოზულად უნდა შეამციროს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ქვეყანაში. თუ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 4%-ის დაბლა, მაშინ დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ", - თქვა გამყრელიძემ.
17 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 47 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 12,97%-ია, ბოლო 14 დღის - 10,63%-ია, ხოლო 7 დღის - 11,14%.