logo
ENG



გამყრელიძე: კვირაზე მეტია, გრიპის ვაქცინა გვაქვს, თუმცა მხოლოდ 3500-მდე ადამიანი აიცრა

19 ოქტ 202016:30
3 წუთის საკითხავი
clock 3586
uyzaqc9sy2kgokv.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში კვირაზე მეტია, გრიპის 25 000 ერთეული ვაქცინაა შემოსული, თუმცა, მხოლოდ 3 ათასიდან 3500 ადამიანამდე აიცრა.

"იცრებიან ორსული ქალბატონები და სხვათა შორის გააქტიურდნენ, რისთვისაც მადლობა მათ. იცრებიან - ბაღის აღმზრდელები, მოხუცთა თავშესაფრებში მყოფი ადამიანები, ბავშვთა სახლების წარმომადგენლები, აივ-ინფიცირებულები და ჰეპატიტიანი ავადმყოფები. ჯერ ეს რისკ-ჯგუფია" - თქვა გამყრელიძემ. 

მისივე თქმით, 2-3 კვირაში, ოქტომბრის ბოლოს-ნოემბრის დასაწყიში შემოვა ვაქცინის 110 000 დოზა და ასევე, ნაყიდია კიდევ 100 000 ერთეული ფრანგული წარმოების 4-კომპონენტიანი ვაქცინა. 

"ამით აიცრება დიდი რისკ-ჯგუფები -65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები, ვისაც აქვთ გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტით დაავადებული ბავშვები და უფროსები, ფილტვების ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ასთმიანები, სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები და ა.შ. ჩამონათვალი არსებობს. ვისაც ამ რისკ-ჯგუფების გარდა სურს აცრა, ამისთვის დაახლოებით, 40 ათასი დოზა ექნება კერძო სექტორს ამ თვის ბოლოდან". - თქვა გამყრელიძემ. 

ვაქცინა/იმუნიზაცია ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე ადამიანს უნარჩუნებს სიცოცხლეს. ვაქცინა სხეულის ბუნებრივი დაცვაა დაავადებების წინააღმდეგ, ვინაიდან ის ხელს უწყობს ანტისხეულების და იმუნიტეტის გამომუშავებას ამა თუ იმ დაავადების წინააღმდეგ. ვაქცინაციის დახმარებით ადამიანები მძიმე ინფექციურ დაავადებებს: დიფტერიას, ტეტანუსის, ყივანახველას, წითელას და გრიპის არიდებენ თავს.

ვაქცინა დამტკიცებამდე ექვსსაფეხურიან პროცედურას გადის: 

 - საძიებო ეტაპი
 - პრეკლინიკური ეტაპი
 - კლინიკური განვითარება
 - მარეგულირებელი ორგანოს განხილვა და დამტკიცება
 - წარმოება
 - ხარისხის კონტროლი

თავის მხრივ ყოველი საფეხური მრავალეტაპიანია. 

მათ შორის მესამე, კლინიკური განვითარების ეტაპი -სამსაფეხურიანი: პირველ ეტაპზე, ადამიანების მცირე ჯგუფი იღებს ვაქცინას. მეორე ეტაპზე კლინიკური კვლევა გაფართოებულია და მას უკეთებენ სხვადასხვა ასაკის, თუმცა, ისეთ ადამიანებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც მიახლოებულია იმ მდგომარეობასთან, რის წინააღმდეგაც იქმნება ვაქცინა. მესამე ეტაპზე კი ათასობით ადამიანი იღებს პრეპარატს და ასე ხდება მის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე დაკვირვება. 

შესაბამისად მაშინ, როცა ვაქცინა ბაზარზე გამოდის, უსაფრთხო და სასარგებლოა. 


close დახურვა