logo
ENG



გამყრელიძე: კომენდანტის საათის მოხსნა, ამ ეტაპზე, არ განიხილება

07 თებ 202117:02
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: კომენდანტის საათის მოხსნა, ამ ეტაპზე, არ განიხილება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კომენდანტის საათის გაუქმება, ამ ეტაპზე, არ განიხილება.

როგორც მან ინტერპრესნიუსთან ისაუბრა, დადებითობის მაჩვენებლის ერთჯერადი შემცირება შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველს არ იძლევა. მისივე თქმით, ეს უნდა შენარჩუნდეს მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში.

გამყრელიძე ამბობს, რომ დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, თუმცა დღიური 400 შემთხვევა საქართველოსთვის ბევრია.

"კომენდანტის საათის გაუქმების საკითხი, ამ ეტაპზე, არ განიხილება. უნდა დავუკვირდეთ ხვალინდელი შემსუბუქების შემდეგ სიტუაციას, როგორი იქნება, როცა გაიზრდება მობილობა, როცა მუნიციპალური ტრანსპორტი და მეტრო ამუშავდება. მომავალი ორშაბათიდან ასევე სერიოზულად გაიზრდება კიდევ მობილობა, როცა სკოლებში სწავლა დაიწყება და ამის შემდეგ იმის მიხედვით, თუ შევინარჩუნებთ იმ ეპიდსიტუაციას, როგორიც დღეს გვაქვს, შემდგომ ნაბიჯზე უკვე იქნება გადაწყვეტილებები მიღებული.

ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კი, დადებითობის მაჩვენებელიც იკლებს და ინციდენტობის მაჩვენებელიც, მაგრამ აბსოლუტურ რიცხვში ის 400 შემთხვევა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ბევრია, ამიტომ ამ მონაპოვარს, რაც გვაქვს ახლა სტაბილიზაციისკენ, უნდა გავუფრთხილდეთ", - თქვა გამყრელიძემ.

გუშინ, 6 თებერვალს თბილისსა და ბათუმში კომენდანტის საათის დროს დაუმორჩილებლობის მარშები მოეწყო. აქციის მონაწილეები შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის მოხსნას ითხოვდნენ. 


close დახურვა