logo
ENG



გამყრელიძე: მე ძალიან მინდა, რომ მოსახლეობის 60% წელს ავცრათ

15 იან 202115:56
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: მე ძალიან მინდა, რომ მოსახლეობის 60% წელს ავცრათ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმა მოსახლეობის 60%-ის აცრას ითვალისწინებს.

როგორც გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში კომისიის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, კოვაქს პლატფორმის მეშვეობით, ქვეყანა წლის განმავლობაში მოსახლეობის 20%-ისთვის სამყოფ ვაქცინას მიიღებს, რაც ჩვენს შემთხვევაში 700 000 ადამიანია.

"ქვეყნებს, რომლებიც პლატფორმაში არიან გაწევრიანებულები, კოვაქსი მიაწვდის წლის განმავლობაში 20%-ისთვის საჭირო ვაქცინის, ჩვენთვის ეს დათვლილია 700 000 მოსახლეზე, 1 400 000 დოზა. მათი სამართლიანობის პრინციპია, სანამ ყველა ქვეყანას 20% არ შეუსრულდება, მანამდე დამატებითი დოზები არ იქნება. ჩვენი ვაქცინაციის გეგმა გათვლილია მოსახლეობის 60%-ზე, ეს ეხება 18 წელს ზემოთ მოსახლეობას, 18 წლამდე არ არის კლინიკური კვლევები ვაქცინაციის", - თქვა გამყრელიძემ.

მისი თქმით, საზოგადოებრივი, ჯოგური იმუნიტეტი რომ შეიქმნას, საჭიროა, რომ მოსახლეობის 60% იყოს აცრილი. 

კითხვაზე, რა პერიოდში მოხერხდება მოსახლეობის 60%-ის აცრა, გამყრელიძე პასუხობს, რომ მისი სურვილია, 60% წელს აიცრას. ის ამბობს, რომ ეს რთული, თუმცა შესაძლებელია. 

მისივე თქმით, მოსახლეობის 60%-ის აცრა, სხვადასხვა ხარჯების გათვალისწინებით, ჯამში 65-დან 170 მილიონ ლარამდე დაჯდება.

დღეს, 15 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროში კომისიამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის საბოლოო პროექტი მიიღო, რომელიც განსახილველად ჯერ საკოორდინაციო საბჭოს, ხოლო შემდეგ დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.


close დახურვა