logo
ENG



გამყრელიძე: სავალდებულო აცრას ვუჭერ მხარს პედაგოგებში, განსაკუთრებით - სკოლის პედაგოგებში​

18 ოქტ 202115:06
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პედაგოგების სავალდებულო ვაქცინაციას მხარს უჭერს.

​როგორც ფორმულას ეთერში მან აღნიშნა, მედპერსონალის შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლის პედაგოგები აიცრან.

"სავალდებულო ვაქცინაციას ვუჭერ მხარს პედაგოგებში. განსაკუთრებით სკოლის პედაგოგებში, რადგან მათ საქმე აქვთ ჩვენს ბავშვებთან. ისევე, როგორც აუცილებელია და მოვუწოდებ თვითონ ბავშვების მშობლებს. 10 დღის წინანდელი მონაცემებით, სკოლის პერსონალის 65% ერთჯერადადაა აცრილი, ორჯერაა აცრილი დაახლოებით 52%. ეს საშუალო მაჩვენებელზე ბევრად მეტია, მაგრამ არასაკმარისი. გვინდა, რომ პედაგოგების 80% იყოს აცრილი", - თქვა გამყრელიძემ.

წამყვანის შეკითხვაზე, მხარს უჭერენ თუ არა საკოორდინაციო საბჭოში სავალდებულო ვაქცინაციას, გამყრელიძემ თქვა, რომ ამ საკითხზე მსჯელობენ.

"ვფიქრობ, განიხილება ეს საკითხი. პირველ ეტაპზე, სავალდებულოობაზე წინ, ალბათ მაინც განვიხილავთ ე.წ ირიბი მანდატორიზმის მექანიზმების შეტანას. ბევრი წარმატებული ქვეყანა აკეთებს ამას, რომ ე.წ. მწვანე პასპორტის გარეშე მთელ რიგ დაწესებულებებში შეიძლება შეიზღუდოს შესვლა. ეს ახალი ველოსიპედი არაა, ამას იყენებს ბევრი ქვეყანა. ამ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს. ვნახოთ, როგორი იქნება გადაწყვეტილებები", - ამბობს გამყრელიძე. 

18 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 2 260 აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 31,6%.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის  2 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 42 ადამიანი.


close დახურვა