დაავადებათა კონტრილის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება და ინფიცირების ახალი შემთხვევები იმატებს.
როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ეპიდსიტუაციის გაუარესება რეგულაციების შემსუბუქებამ და რეკომენდაციების უგულებელყოფამ განაპირობა.
"სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. ეს გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით. პირველი გახლავთ ის, რომ სერიოზულად შემსუბუქდა რეგულაციები და ამ რეკომენდაციების დაცვა არ მიდის ისე, როგორც საჭიროა. უგულებელყოფილია ბევრ ადგილას პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა. გახშირდა სხვადასხვა მიზეზით დიდი შეკრებები. გარდა ამისა, ევროპაში უკვე სერიოზულად ცირკულირებს სხვადასხვა შტამი, მათ შორის იმატებს დელტა შტამის ცირკულაცია და ყველაფერი ეს იწვევს იმას, რომ ეპიდსიტუაცია, რომელიც მცირდებოდა მაისის შუა რიცხვებიდან, ბოლო ერთი კვირაა ერთ დონეზეა და არის მატების ტენდენცია", - ამბობს გამყრელიძე.
დღეს, 9 ივლისს, საქართველოში კორონავირუსის 1108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 9 ივლისის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 113 895 ადამიანი.