დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ჯერ კიდევ სექტემბერში გაკეთებული დათვლებით, კორონავირუსის პიკს ნოემბრის შუა რიცხვებში ელოდნენ. ხსენებული დათვლებით, ეს პიკი, შესაძლოა, დღიურად 3-5 ათასი ადამიანის დაინფიცირება იყოს.
გამყრელიძე აქვე აღნიშნავს, რომ ნოემბრის პროგნოზი ხელახლა დასათვლელია. ასევე ამბობს, რომ ასეთი მონაცემების თავიდან აცილება სურთ:
"სექტემბერში [მოდელირების] ინსტრუმენტები გვეუბნებოდნენ, რომ ზრდა გვექნებოდა. გარკვეულად მივყვებით, მაგრამ ცოტა მეტი [ზრდა] გვაქვს, გეტყვით პირდაპირ. ამიტომ ხელმეორედ უნდა დავთვალოთ ნოემბრის პროგნოზები. ზოგადად მაშინ ასეთი დათვლა იყო, რომ სადღაც ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა შევდიოდეთ პიკში. ეს პიკი შეიძლება იყოს 3-4 და 5 ათასი დღიურად, მაგრამ არ გვინდა, რომ გვქონდეს 3 და 4 ათასი", - განაცხადა გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
გამყრელიძე თქმით, მოდელირებისას სამ ძირითად ინსტრუმენტს იყენებენ, თუმცა ვითარების ზუსტ პროგნოზს ვერცერთი აკეთებს:
"პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ვითარებას. ჩვენ, ჩვენს მოდელირებაში ვიყენებთ სამ ძირითად ინსტრუმენტს. ერთერთი არის ამერიკის დაავადებათა კონტროლის ინსტრუმენტი, რომელიც შემუშავებული იყო პანდემიური გრიპის დროს 2009 წელს, და ასევე გამოიყენება კორონავირუსული პანდემიის დროს. ამ ინსტრუმენტებით, ჩვენი ვარაუდი იყო, რომ ზრდა გვექნებოდა. ეს არის გარკვეული მათემატიკური მოდელირების ინსტრუმენტები, სადაც შეგვყავს ბევრი სხვადასხვა ციფრი, მოცემულობები და ამის მიხედვით ეს ინსტრუმენტები ითვლიან, როგორი შეიძლება იყოს გავრცელება", - ამბობს ის.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეპიდვითარება ქვეყანაში გაუარესდა. ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა უკვე 1500-ს აჭარბებს.
ბოლო მონაცემებით, ინფიცირების 22 803 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 401 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 178 კი გარდაიცვალა.