დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მარტივი რეკომენდაცია გაიცემა - "დარჩით სახლში, იყავით იზოლირებულად, დაურეკეთ ოჯახის ექიმს და ექიმი გეტყვით, როგორ მოიქცეთ".
გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ არ იცის, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი, ის რეკავს 112-ზე, რომელიც გადაამისამართებს ოჯახის ექიმთან.
"ინფიცირებულებიდან ძირითადი ნაწილი გახლავთ სიმპტომური ავადმყოფები. ეს სიმპტომები გახლავთ ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება. თითოეული ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია გახლავთ მარტივი - თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. როდესაც ეს სიმპტომი ჩნდება, აუცილებელია ის დარჩეს სახლში, იყოს რაც შეიძლება იზოლირებული, დაურეკოს თავის ოჯახის ექიმს და ექიმი ეტყვის, როგორ მოიქცეს. თუ არ იცის, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი, ის რეკავს 112-ზე, რომელიც გადაამისამართებს ოჯახის ექიმთან, რომ ექიმის დანიშნულებით ეს ყველაფერი იმართოს“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.
დღეს, 24 ოქტომბერს საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების მორიგი რეკორდული რაოდენობის - 1941 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 10 ადამიანი. ჩატარდა 8619 PCR ტესტი.
26 თებერვლიდან დღემდე 26 503 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 10 163 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 193 კი გარდაიცვალა.