logo
ENG



გამყრელიძე: ფართომასშტაბიანი შეზღუდვები არ იგეგმება

09 ოქტ 202021:57
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: ფართომასშტაბიანი შეზღუდვები არ იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, Facebook ლაივში ფართომასშტაბიან შეზღუდვებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში შეზღუდვები არ იგეგმება. როგორც გამყრელიძემ განმარტა, იქ, სადაც საჭირო იქნება, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.

მანამდე კი გამყრელიძემ თქვა, რომ საკოორდინაციო საბჭოზე თბილისში ფართომასშტაბიან შეზღუდვებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

"გაზაფხულზე ჩვენც ნაკლები ვიცოდით ამ ვირუსის შესახებ და ძირითადად ყველა ქვეყანა იყენებდა ძლიერ შემზღუდავ ღონისძიებებს.

დღეს ჩვენ უკვე გავითავისეთ, რომ კორონავირუსულ ინფექციას ერთ და ორ დღეში ვერ გავაქრობთ, ვერც ორ თვეში და შესაძლოა, ვერც ერთ წელიწადში. ამიტომ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად.

ამიტომ ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებები არ იგეგმება არათუ ლაითურში და გურიაში, არამედ არც თბილისში.

იქ, სადაც საჭირო იქნება ე.წ წერტილოვანი დარტყმების და წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება, როგორიც არის მაგალითად კლასი. მაგალითად, სკოლაში გაჩნდა ერთი ბავშვი ინფიცირებული, რა თქმა უნდა, კლასი დროებით შეწყვეტს სწავლას და გადავლენ თვითიზოლაციაში. ან თუ ვთქვათ სკოლაში იქნა რამდენიმე შემთხვევა, შეიძლება, დაისვას საკითხი იმ სკოლაში, მაგრამ არა მთლიანად სწავლის შეწყვეტის.

ასეთი ტიპის შეზღუდვები შესაძლებელია, მაგრამ არ იგეგმება დიდი, ფართომასშტაბიანი შეზღუდვები, მათ შორის დედაქალაქში",-თქვა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, კორონავირუსი 527 ადამიანს დაუდასტურდა, 313 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი დაიღუპა. ახალი შემთხვევებიდან თბილისში კორონავირუსის 179 შემთხვევა დადასტურდა.

NCDC-ის ცნობით, გუშინ, 8 ოქტომბერს, საქართველოში 9 605 PCR ტესტი ჩატარდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 5866 პაციენტი განიკურნა, ხოლო 72 გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5574 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 1338 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.


close დახურვა