logo
ENG



გამყრელიძე: ქვეყანაში ომიკრონის 51 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა

26 დეკ 202115:12
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: ქვეყანაში ომიკრონის 51 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ლაბორატორიულად ომიკრონის 51 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 5 არასრულწლოვანია.

„დღევანდელი დღის ჩათვლით ომიკრონის შემთხვევები გახლავთ 51 ქვეყანაში დაფიქსირებული ლაბორატორიულად, როგორც სეკვენირებით, ისე სპეფიციური PCR ტესტებით, ასევე კვლევაშია კიდევ რამდენიმე ათეული შემთხვევა.

18 წლამდე ბავშვი გახლავთ 5. აქედან 1 არის სტაციონარში, მაგრამ მას სხვა  ძირითადი დაავადება აქვს და იმის გამოა სტაციონარში და არა ომიკრონით ინფიცირების გამო“, - განაცხადა გამყრელიძემ. 

მისი თქმით, ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 0.6-0.7%-ს ომიკრონის შტამი დაუდასტურდა და ვარიანტის სწრაფად გავრცელების საფრთხეები არსებობს. გამყრელიძე აცხადებს, რომ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ორშაბათიდან ყოველკვირეულ ანგარიშებს გამოაქვეყნებს, სადაც ასახული იქნება ომიკრონის წილი ქვეყანაში ცირკულირებად სხვა შტამებთან მიმართებით.

„პირველი ნედლი დაანგარიშება გაკეთდა პარასკევს და ომიკრონზე დადებითების წილი საერთო PCR დადებითებში და საერთოდ დადებითებში დაანგარიშებული იქნა, როგორც 0.6-0.7%. იმის მიხედვით ვნახავთ 1 კვირაში როგორი და რა სისწრაფით იქნება ზრდა  ამ წილისა ომიკრონის ცირკულაციისა. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში ზრდა გვექნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ დამაიმედებელია ის ფაქტი, რომ სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გამოცდილებით, ომიკრონის შტამს მძიმე კლინიკური განვითარება არ ახასიათებს.


close დახურვა