logo
ENG



გამყრელიძე: შოვში 3 მლნ კუბამდე მასაა ჩამოსული, 2 ერთეული ტექნიკა მუშაობს, მეტი შეუძლებელია

04 აგვ 202301:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/04/zz2jaal1x2h9rdq.jpg
კადრი: იმედი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მერაბ გამყრელიძის თქმით, მეწყრის შედეგად შოვში 3 მილიონ კუბამდე მიწის მასა ჩამოწვა და ადგილზე 2 ერთეული ტექნიკა მუშაობს, რადგან, მისი თქმით, მეტი ტექნიკის მობილიზება, ამ დროისთვის შეუძლებელია.

ამის შესახებ მერაბ გამყრელიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა. 

"დაახლოებით სამ მილიონ კუბამდე მასაა ჩამოსული. იქ ტექნიკა მუშაობს ორი ერთეული სამწუხაროდ, იმიტომ, რომ მეტი შეუძლებელია. ცდილობენ გზის გაწმენდას, რომ მივიდეთ ე.წ. კოტეჯებამდე, რადგან იქ მეტი შანსია, რომ დაკარგული მოქალაქეები იყვნენ. მაშველები ცდილობენ შეძლებისდაგვარად მოახდინონ იმ ლოკაციების შესწავლა, სადაც შემოდის შეტყობინებები, რომ შეიძლება იყვნენ დაკარგული მოქალაქეები. ასე რომ სამუშაოები არ ჩერდება" - განაცხადა მან.

მერაბ გამყრელიძე აცხადებს, რომ მეწყერმა კურორტი შოვის დიდი ნაწილი მოიცვა და ახლა მიმდინარეობს სტიქიის მიზეზების შესწავლა. მათ შორის მიმართავენ პრევენციულ ზომებს, რათა აირიდონ სტიქიის გამეორების საფრთხეები.

"სტიქიის შედეგები საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოვის დიდი ნაწილი, სანსეტ შოვის მიმდებარე ტერიტორია სრულად მოცულია. მიდის შესწავლა საიდან იწყება ეს სტიქია და გარკვეული პრევენციების ჩატარება რომ გამეორებას არ ჰქონდეს ადგილი. [რისკების] გამორიცხვა არ შეიძლება, ამიტომ გეოლოგების ჯგუფი მუშაობს, ხვალ დილიდან კიდევ გააგრძელებენ შესაბამის შესწავლას და გამორიცხვით, ამ ეტაპზე, ვერაფერს გამოვრიცხავთ, სულ რაღაც 6-7 საათია გასული სტიქიიდან და ყველა მხრივ მიმდინარეობს ყველა საკითხის შესწავლა" – თქვა გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 152 ადამიანი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი და მათ ნაწილთან იმყოფებიან პოლიციის ქვედანაყოფები და სამაშველო სამსახურები. მათი დაახლოებით ნახევარი მოზარდია. 

გამყრელიძის თქმით, ამ ადამიანებს ვერტმფრენით ონში ხვალ დილიდან გადაიყვანენ. სტიქიის შემდეგ სტიქიის ტერიტორიიდან ვერტმფრენით 70-მდე ადამიანი გადმოიყვანეს, მათ შორის 16 მოზარდია. 

"ატანილია პირველადი მოხმარებისათვის საჭირო ყველა საშუალება, რომ დილამდე ადგილზე მოხდეს მათი დაყოვნება და როგორც კი ფრენის საშუალება იქნება, გამოვიყვანთ ვერტმფრენის მეშვეობით ქალაქ ონში. შეტყობინებების საფუძველზე ვიცით, რომ დაახლოებით 50 მოქალაქეს ვერ უკავშირდებიან ახლობლები და ჩვენც ჩართული ვართ მათ მოძიებაში. შტაბი 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს. ამოქმედდა ცხელი ხაზიც"- განაცხადა მერაბ გამყრელიძემ.

  • თუ ფლობთ დაკარგული ადამიანების შესახებ ინფორმაციას, დარეკეთ ცხელ ხაზზე, ნომერზე : 598 913 089 ან 112-ში.

დღეს კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. 

ადგილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მოქალაქე ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ჯერ კიდევ ეძებს და მათთან კონტაქტზე ვერ გადის. 

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გზების გაწმენდის სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია და ხვალ დილიდან გაგრძელდება. 

სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.  

შსს-ის ცნობით, შოვში სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქე გამოიყვანეს და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

კურორტ შოვში მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ფორმულას შსს-მ დაუდასტურა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის თქმით, ამ დროისთვის შოვში, სტიქიის ზონაში მყოფ 50 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში უსაფრთხო ლოკაციებზე 150-მდე ადამიანი მაშველებთან ერთად იმყოფება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი არ გამორიცხავს, რომ მათ შორის არიან ის ადამიანებიც, ვისაც ოჯახის წევრები ამ დრომდე ეძებენ.

 

close დახურვა