logo
ENG



გამყრელიძე: ჩვენი გეგმით, 2021 წელს ქვეყანაში 1 700 000 ადამიანი ორჯერ უნდა აიცრას

13 მარ 202111:34
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წელს ქვეყანაში 1 700 000 ადამიანი ორჯერ უნდა აიცრას. 

გამყრელიძის თქმით, ეს არის 3 მილიონ 400 ათასი დოზა. 

"ჩვენ ვანგარიშობთ 3 მლნ 900 ათას დოზას, რომლის მობილიზაციაც ქვეყანაში გაკეთდება წელს.

გარანტირებულია მილიონ 400 ათასი დოზა კოვაქსიდან, რომლითაც შემოვიდა პირველი ვაქცინა და დარწმუნებული ვარ, ბევრი კონტრაქტი აქვს მთავრობას, რომლის მიხედვითაც, თანდათანობით ეს დოზები გაიზრდება და ზაფხულში გვექნება მასობრივი იმუნიზაცია. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გვერდში დგომისთვის“- თქვა გამყრელიძემ.

AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის პირველი - 43 200 დოზა ვაქცინა საქართველომ დღეს, 13 მარტის დილას მიიღო. 

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დღეს მიღებული ვაქცინის დოზებით, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი აიცრება.  ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შერჩეულია 82 სამედიცინო დაწესებულება, სადაც ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება. 

NCDC-ის განცხადებით, ასტრაზენეკას ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 11 მარტს თქვა, რომ საქართველოში პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო განმეორებითი აცრა მას შემდეგ ჩატარდება, რაც ქვეყანაში დამატებითი პარტია შემოვა. 

თავდაპირველად საქართველოში ფაიზერის ვაქცინა თებერვლის ბოლომდე უნდა შემოსულიყო, თუმცა თარიღმა არაერთხელ გადაიწია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ბოლო განცხადების თანახმად, ფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინები 22 მარტის კვირაში შემოვა, საუბარია ფაიზერის 29 250 და ასტრაზენეკას 129 600 დოზაზე.

მთავრობაში ამბობენ, რომ განიხილება ჩინური ვაქცინის შემოტანაც, რომელიც ავტორიზაციას, მათივე თქმით, მალე გაივლის. 

 


close დახურვა