logo
ENG



გამყრელიძე ლუგარის ლაბორატორიაზე რუსულ მხარეს: ჩამობრძანდით, ნახეთ, არაფერია დამალული

27 მაი 202016:11
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ჟურნალისტებთან ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთის ბრალდებებს უპასუხა და მოუწოდა მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებს, ჩამოვიდნენ და ადგილზე დაათვალიერონ ლაბორატორია.

გამყრელიძის თქმით, რუსეთის ყველაზე დიდი ბიოლოგიური ინსტიტუტის დირექტორს დათვალიერებული აქვს ლუგარის ლაბორატორია.

„მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, მედიაში, პირადად საუბრებში რუსეთის ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლებთან, მათ შორის შარშან შეხვედრა მქონდა რუსეთის მაშინდელ ჯანდაცვის მინისტრთან და მის მოადგილესთან. ასევე შევუთვალე პირადად, ბატონ გენადი ონიშენკოს, რომელიც ახლა რუსეთის დუმის წევრია და იყო რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი, ვუთხარი მათ რამოდენიმეჯერ, რომ ჩამობრძანდით ბატონებო და ნახეთ თქვენი ძალიან ბევრი კოლეგა ნამყოფია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში და ლუგარის ლაბორატორიაშიც. მათ შორის რუსეთის ყველაზე დიდი ბიოლოგიური ინსტიტუტის დირექტორიცაა ნამყოფი და დათვალიერებული აქვს ყველა კუთხე-კუნჭული. ასევე, 2018 წლის ნოემბერში, დიდი შეფასებითი მისია ჩატარდა. 19 ქვეყნის 23 წარმომადგენელი გახლდათ და ლუგარის ცენტრის მუშაობა შეისწავლეს. ეს გახლავთ ჟენევის სამდივნოს ეგიდით და მათ რუსეთის წარმომადგენლები მოიწვიეს, სამწუხაროდ, ისინი არ ჩამოვიდნენ. კიდევ ერთხელ, ღია ეთერით, მათ წარმომადგენლებს, ვინც ახლა სხვდასხვა სპეკულანტური აზრით, მე ვიცი რა უდევს ამას საფუძვლად, ამას მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს და ის, რომ რატომაა საქართველოს მთავარი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები.

ჩვენი ქვეყნის მთავარი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, რომ ასეთი დახმარება გაუწიეს ქვეყანას, რომ ქვეყანაში დიდი ლაბორატორიული ზედამხედველობის კომპლექსი შეიქმნა, რომელსაც სათავეში ლუგარის ცენტრი უდგას - 22 ლაბორატორიაა სულ მათი დახმარებით შექმნილი. გადაამზადეს დიდი რაოდენობის ადამიანები და გამოჩნდა რაოდენ დიდ სამუშაოს ასრულებს პანდემიასთან ბრძოლისას დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ლუგარის ლაბორატორია. იცით რა სიტუაციაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და იმ ქვეყანაშიც, რომელიც ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ბრალს გვდებს. რუსეთი პირველ სამეულშია დაავადების გავრცელების თვალსაზრისით. ჩამობრძანდით, ნახეთ როგორ ვმუშაობთ. არაფერი დამალული არაა. ნამყოფი არიან მათი ჟურნალისტები, გადაღებული აქვთ ყველა სართული და ყველა ლაბორატორია. საფრთხე არაა. თეთრი შური გახლავთ, რომ სანამ ამ ცენტრში შესაძლებლობა გვექნებოდა ზოგიერთ ინფექციებზე კვლევის, რომელსაც ადრე რუსეთში ვაგზავნიდით, მაგალითად პოლიომილეტისთვის, მაგალითად წითელასთვის და გრიპისთვის... დღეს ეს არ არის საჭირო. ეს არის ის, რომ რატომაა საქართველოს ორიენტაცია ევროპული, ჩრდილო ატლანტიკური ბრძოლის და რატომ არაა ჩრდილოეთის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიაში რუსეთის პროფილური ექსპერტების დაშვებას ითხოვს და ბიოლოგიურ საფრთხეზე მიანიშნებს. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მოსკოვი თბილისისგან „ურთიერთმისაღები პირობებით" გათვალისწინებული ნებართვის მოლოდინშია.


close დახურვა