დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ფორმულასთან აცხადებს, რომ მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილის ინფიცირების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის PCR ტესტის ჩატარების საკითხი საპატრიარქოს გადასაწყვეტია.
"მაგ გადაწყვეტილებას იღებს საპატრიარქო", - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ მისი რეკომენდაცია საპატრიარქოს უკვე შეატყობინა, თუმცა ამ საკითხზე საჯაროდ საუბარს არ აპირებს, - "ჩემი რეკომენდაცია მე უკვე მოვახსენე გუშინ საპატრიარქოს და ამის შესახებ ღია ეთერში არ ვსაუბრობ".
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქისთვის ტესტირების ჩატარების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მის მდივან-რეფერანტს შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, თეთრუაშვილს დაავადება უსიმპტომო ფორმით სჭირს და შესაბამისად, თავს კარგად გრძნობს.
პატრიარქის პირადი ექიმის ცისანა შარტავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მდივან-რეფერანტს ილია მეორესთან უშუალო კონტაქტი არ ჰქონია, შესაძლოა მას PCR ტესტირება ჩაუტარდეს.
"შეიძლება დაისვას პატრიარქისთვის ტესტის გაკეთების საკითხი, განიხილება ჯერ. ქალბატონ შორენას არ ჰქონდა მასთან შეხება, დისტანციურად იყო, მაგრამ მაინც სიფრთხილისთვის შეიძლება მოხდეს ესეც". - ამბობს ცისანა შარტავა.
თუმცა თეთრუაშვილი პატრიარქის დაბადების დღეზე საპატრიარქოში იმყოფებოდა. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მდივან-რეფერანტს 4 იანვარს მართლაც ჰქონდა პატრიარქთან კონტაქტი.
მიუხედავად ამისა, პირველიერარქის პირადი ექიმი აცხადებს, რომ საპატრიარქოში გამართულ მიღებაზე შესვლამდე წინა დღით ყველა სტუმარმა საგანგებოდ ჩაიტარა PCR ტესტირება, მათ შორის, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა, რომელსაც კორონავირუსი შემდეგ დღეს დაუდასტურდა.
ილია მეორის ექიმი ამბობს, რომ თეთრუაშვილი 4 იანვრის საღამოს, მას შემდეგ გადავიდა თვითიზოლაციაში, რაც მეუფე ანტონს კორონავირუსი დაუდასტურდა.
"ყველა ვინც მასთან კონტაქტში იყო, გადავიდა იზოლაციაში", - ამბობს ექიმი.