დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლოს გადაწყდება, შემსუბუქდება, თუ არა მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები.
გამყრელიძის განმარტებით, რეგულაციების შემსუბუქება/არშემსუბუქების საკითხი ქვეყნის ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.
"ეს საკითხი დღეს იყო განხილვის საგანი და შეჯერდა საკოორდინაციო საბჭო, რომ ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციის განვითარებას. გადაწყვეტილებები მიღებულ იქნება კვირის ბოლოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზომით და მასშტაბით უნდა იყოს თუ არ იყოს შემსუბუქება. მე ახლა კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა შეიძლება გაიხსნას და რა - არა", - განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძე ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები ყოველთვის უფრო მკაცრია.
"ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენ მომავალში, იგივე 24-25-ის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირდებით", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვებია დაწესებული. მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე.
28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში და სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაკეტილი იქნება ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.
შეზღუდვების დაწესების დროს, მთავრობაში აცხადებდნენ, რომ ყველა დაწესებული რეგულაცია 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება.
კონკრეტულად:
- იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
- აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა შეზღუდვა აღდგება.