logo
ENG



განათლების კოალიცია: არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში!

26 აპრ 202422:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/26/9wmzq1u9g2tedb2.jpg

განათლების კოალიცია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ღირსების შემლახავ რეესტრში არ დარეგისტრირდება.

"აღნიშნული განცხადებით, ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას და ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში! განათლების კოალიცია, როგორც საერთაშორისო მოძრაობის ნაწილი, შეიქმნა გამაერთიანებელი იდეით - ხარისხიანი განათლება ყველა მოსწავლეს! და დღემდე ამ იდეის ერთგულია.

11 წლის განმავლობაში, განხორცილებული გვაქვს არაერთი პროექტი, მათ შორის ისეთი, როგორიც არის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომელიც განათლების სისტემაში ერთ-ერთი გამორჩეულია მდგრადობისა და გავლენის თვალსაზრისით. სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, შექმნილი გვაქვს 30-ზე მეტი კვლევითი და ანალიტიკური ანგარიში, რაც სისტემის განვითარებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკისათვის მნიშვნელოვანი რესურსია. ასევე, ასობით საგანმანათლებლო რესურსი, მათ შორის დამხმარე სახელმძღვანელოები, რომელსაც ათასობით მასწავლებელი თუ მოსწავლე დღესაც აქტიურად იყენებს. მხარს ვუჭერდით საგნობრივი და პროფესიული ასოციაციების განვითარებას, სკოლებისა თუ მასწავლებელთა ინიციატივებს.

ადვოკატირების მხრივ, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ყველაზე აქტიურები პანდემიის დროს განათლების სისტემაში ზიანის შემცირების და შემდგომ რემედიალური მიდგომების დანერგვის მიმართულებით. მათ შორის, ხელი შევუწყეთ ასამდე სკოლის საგანმანათლებლო ტექნოლოგიებით აღჭურვას.

ჩვენ, დღესაც აქტიურად ვმუშაობთ და ვითხოვთ:

სასკოლო კვების დანერგვას;

მასწავლებელთა უკეთეს სამუშაო პირობებს;

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის გაუმჯობესებას;

სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებას;

დირექტორების გამჭვირვალედ და სამართლიანად შერჩევას;

საგანმანათლებლო რესურსების პოლიტიკის გაუმჯობესებას;

უთანასწორობის შემცირების და ბევრი სხვა", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განათლების კოალიცია მოუწოდებს მასწავლებლებს, არ მიიღონ მონაწილეობა 29 აპრილს, ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ აქციაში.

"რაც მთავარია, ყოველთვის ვიყავით ჩვენი პრინციპების ერთგულები და ვითხოვდით, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე განათლების სისტემას! ჩვენი მხრივ, ყოველთვის პასუხისმგებლიანად, გამჭვირვალედ ვსაქმიანობდით და ვხელმძღვანელობდით დემოკრატიული პრინციპების დაცვით. აქვე, გვსურს მოვუწოდოთ მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომ დარჩნენ მათი მოსწავლეებისა და განათლების ამოცანების ერთგულები და მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, არ მიიღონ მონაწილეობა 29 აპრილის აქციაში თუ სხვა ნებისმიერ აქტივობაში, რომელიც მხარს უჭერს რუსულ კანონს და ზიანს აყენებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს!

მხარდაჭერის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ და მზად ვართ, თქვენთან ერთად, დავიცვათ თქვენი და ჩვენი ინტერესები! გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად გავიმარჯვებთ!", - აცხადებს განათლების კოალიცია.


close დახურვა