logo
ENG



განათლების კომიტეტი პანსიონზე: მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ჩავერთოთ პროცესში

04 ივნ 202115:18
3 წუთის საკითხავი
 
განათლების კომიტეტი პანსიონზე: მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ჩავერთოთ პროცესში

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კომიტეტი საჭიროების შემთხვევაში მზად არის, საკითხის მოგვარების პროცესში ჩაერთოს. 

კომიტეტის სხდომაზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პანსიონატში უკვე მუშაობენ სოციალური მუშაკები და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვთა უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული.

"ეს საკითხი, უპირველეს ყოვლისა, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ არის, თუმცა განათლების სამინისტროს მხრიდანაც მიმდინარეობს მონიტორინგი და ჩვენი კომიტეტი იქნება ამ საკითხში ჩართული“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონის შემოწმებისას 6-მა არასრულწლოვანმა დაწესებულების დატოვების სურვილი გამოთქვა. ასევე, იდენტიფიცირებულია კიდევ 10 ბავშვი, რომელთა გამოყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. მანამდე, ბოლო რამდენიმე წელია გამოძიება კიდევ 4 საქმეზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს. 

ასევე, გუშინ, 3 ივნისს ფორმულამ გავრცელა ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან, რომელიც იქ გატარებულ წლებს იხსენებს და ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ აღმზრდელები მათთან "ჯოჯოხეთს ატრიალებდნენ". 

"იყო ძალიან მძიმე ფაქტები ჩემთან და სხვებთან მიმართებით, იყო ბულინგი, ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. [გვცემდნენ] აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ სინამდვილეში კი იქ ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული.

ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში", -  ყვება ის. 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის გამოყვანა მოითხოვეს.  


close დახურვა