განათლების სამინისტროს ინფორმაციით, "სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის" კვლევის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ 6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდს (შესაბამისი ასაკის მოსახლეობის 1,7%) არ აქვთ საგანმანათლებლო ისტორია და არ არიან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაში.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დრომდე ქვეყანაში არ არსებობდა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სისტემა და მათი განათლების სისტემაში დაბრუნების მექანიზმები.
"აღნიშნულის პარალელურად, სამინისტრომ, UNICEF-ისა და ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერით, შეიმუშავა სპეციალური შეკუმშული სასწავლო გეგმა, რომელიც განათლების მიღმა დარჩენილ მოსწავლეებს შესაბამის საგანმანათლებლო გარემოს შესთავაზებს. ამ ეტაპზე ახალი კურიკულუმის პილოტირების პროცესი მიმდინარეობს სპეციალურად შერჩეულ საჯარო სკოლებში. გარდა ამისა, მოზარდებისათვის მზადდება სასწავლო რესურსები, ხოლო მასწავლებელთათვის – სატრენინგო მოდულები", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
გარდა ამისა, სამინისტრო იდენტიფიცირებული მოზარდების მშობლებთან, მეურვეებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაციას გეგმავს, რის შემდეგაც მოხდება ინდივიდუალური შემთხვევების განხილვა.
"შედეგად მოხდება მოზარდების ჩართვა ფორმალურ განათლებაში ან მათთვის სპეციალური საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკები, რომლებიც მოზარდებთან ინდივიდუალურად იმუშავებენ", - აღნიშნავენ სამინისტროში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მომზადებული "სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა" საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 10 სექტემბერს დაამტკიცა.
სამინისტროს ცნობით, UNESCO-ს მონაცემებით, მსოფლიოში 61 მლნ ბავშვი არის სკოლის მიღმა დარჩენილი.