logo
ENG



განათლების სამინისტრო სწავლის კლასებში აღდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

07 თებ 202120:19
3 წუთის საკითხავი
 
განათლების სამინისტრო სწავლის კლასებში აღდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებისთვის, რომლებიც 15 თებერვლიდან საკლასო ოთახში სწავლებაზე გადავლენ, რეკომენდაციები განახლდა.

მათი ცნობით, ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა; საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით; მოქნილად დაგეგმოს ცვლები; მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი; შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება.

მათივე თქმით, სკოლა ვალდებულია, დასწრებითი ფორმით სწავლების დაწყებისთანავე უზრუნველყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც არ ან ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლებაში.

გარდა ამისა, სამინისტროში ამბობენ, რომ მშობლებს კვლავ შეუძლიათ, გააკეთონ არჩევანი დისტანციურსა და საკლასო ოთახში სწავლებას შორის. არჩევა შესაძლებელია ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს.

"თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ. მშობელმა, რომელსაც სურს, რომ მისმა შვილმა სწავლა დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - https://online.emis.ge

საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას. აღნიშნული პროცესი სკოლებში უკვე მიმდინარეობს", - აღნიშნავენ სამინისტროში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, შესაბამისად, უკვე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ.


close დახურვა