logo
ENG



განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის საქმეზე ერთ ადამიანს ბრალდება წარედგინა

05 დეკ 202314:24
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პროკურატურის ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის საქმეზე ერთ ადამიანს ბრალდება წარედგინა. უწყება ამბობს, რომ ბრალდებულმა 3 დეკემბერს თბილისში, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

მათივე განცხადებით, დაპირისპირების შემსწრე პოლიციელებმა დანაშაულის აღკვეთის მიზნით, ბრალდებულს შეჩერებისკენ მოუწოდეს და სიტუაციის განმუხტვა სცადეს, რა დროსაც, ბრალდებული თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელსაც. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

3 დეკემბერს თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე 2 ადამიანი დაჭრეს. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ პოლიციელისა და კიდევ ერთი პირის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.


close დახურვა