უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ იმ უკრაინელ სამხედროებს, ვინც რუსებმა მარიუპოლიდან ტყვედ აიყვანეს და დროებით ოკუპირებულ დონეცკსა და რუსეთში გადაიყვანეს, მძევლად ყოფნისას სასტიკად აწამებდნენ.
წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ლუდმილა დენისოვამ იმ ტყვეობიდან გათავისუფლებული სამხედროებისგან მოისმინა, ვინც ახლა სამედიცინო ცენტრებში მკურნალობენ.
დენისოვას ცნობით, ოკუპანტებმა ამ უკრაინელების უდიდესი ნაწილი მარიუპოლში აიყვანეს. თავდაპირველად ისინი დონეცკში წინასწარი დაკავების იზოლატორსა და გამოსასწორებელ კოლონიაში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი რუსულმა ძალებმა უკრაინელი სამხედროები რუსეთის ქალაქებში ტაგანროგსა და ვორონეჟში წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანეს.
სახალხო დამცველს სამხედროები უყვებოდნენ, რომ გადაყვანისას მათ თვალები ახვეული ჰქონდათ, თავზე ტომრები ეხურათ და ხელები თოკებით ჰქონდათ შეკრული.
დენისოვა აცხადებს, რომ სამხედროებს ტყვეობაში ყოფნისას სხვადასხვა გზით აწამებდნენ, მათ შორის ჭრილობებზე იარაღის კონდახს ურტყამდნენ, წამებისას იყენებდნენ ბრტყელტუჩას და ელექტროშოკს და ხელკეტებით სცემდნენ.
„უკრაინელ სამხედროებს ტყვეობაში ყოფნისას აწამებდნენ - მოკვლით ემუქრებოდნენ, სცემდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.
წამებას განსაკუთრებული სისასტიკით იყენებდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცრებისა და აზოვის სპეციალური ძალების სამხედროების წინააღმდეგ. გამოკითხვებისას უკრაინის ომის ტყვეებს მუხლებზე აჩოქებდნენ, ფეხის თითებსა და ღია ჭრილობებში ავტომატის კონდახს ურტყამდნენ, იყენებდნენ ბრტყელტუჩებს, კისერზე თოკს უკეთებდნენ და ახრჩობდნენ. გარდა ამისა, ისინი მათ [უკრაინელებს] ელექტროშოკებით აწამებდნენ, ხელკეტებით სცემდნენ და ურტყამდნენ.“ - ამბობს უკრაინის სახალხო დამცველი.
უკრაინელი სამხედროები დენისოვასთან საუბრისას ასევე აცხადებენ, რომ ოკუპანტებმა მათ უცნობი წამლები ძალით გაუკეთეს, რის შემდეგაც გონება და მეხსიერება დაკარგეს.
სახალხო დამცველის თქმით, ოკუპანტები უკრაინელ სამხედროებს რუსეთის სახელმწიფო ჰიმნის, ლექსის "გვაპატიე, მშობლიურო რუსეთო" და რუსეთის ფედერაციის დროშისა და გერბის შექმნის ისტორიის სწავლას აიძულებდნენ - წინააღმდეგ შემთხვევაში მათ კვლავ აწამებდნენ.
ტყვედ აყვანილი უკრაინელი ქალები რუსულ ძალებს დონეცკში, წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ. დენისოვას თქმით, ქალები ჰყვებიან, რომ 2-3 ადამიანისთვის განკუთვნილ საკნებში რუსებს 17-20 ქალი ერთად ჰყავდათ დატყვევებული.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები ქალებს სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ. დენისოვას თქმით, მათზე დიდი იყო ფსიქოლოგიური წნეხიც - ქალების თვალწინ ტყვედ აყვანილ უკრაინელ კაცებს სასტიკად სცემდნენ.
ოკუპანტების ტყვეობაში ქალებს არ ჰქონდათ ჰიგიენის პროდუქტებზე წვდომა, საპირფარეშოსა და აბაზანის გამოყენების უფლება.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ტყვეობისას უკრაინელ სამხედროებს არ უტარდებოდათ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო დახმარება. მათ გამოკვლევები მხოლოდ სევასტოპოლში გადაყვანამდე ჩაუტარდათ, სადაც წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გაუწიეს დახმარება.
დენისოვას თქმით, ტყვედ აყვანილ უკრაინელებს არ ჰქონდათ წვდომა საკმარისი საკვებსა და წყალზეც.
„უკრაინელებს წყალს არ აძლევდნენ, მხოლოდ 1.5 ლიტრს - 30-40 ადამიანისთვის, შეზღუდული იყო საკვებიც - ყოველდღიური რაციონი მოიცავდა 1 ნაჭერ პურს და ქონს. რაშისტები ზოგჯერ ხუმრობდნენ რომ ხორცი "ადამიანის" იყო“ - აცხადებს სახალხო დამცველი.
ტყვედ აყვანილ უკრაინელებს რუსულმა ძალებმა ახლობლებთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მისცეს.
დენისოვა აცხადებს, რომ მძევლად აყვანილი უკრაინელების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, რომლებიც 1949 წლის ჟენევის კონვენციის 70-ე მუხლის მიხედვით წითელი ჯვრის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დატყვევების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს, წითელ ჯვარს მხოლოდ ტყვეთა გაცვლამდე ცოტა ხნით ადრე გაუგზავნეს.
უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა ამ სისხლის სამართლის დანაშაულებით ომის ტყვეების ის უფლებები დაარღვიეს, რაც ჟენევის კონვენციითაა დაცული.
დენისოვა გაეროს კომისიას მიმართავს, გამოიძიონ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.