საქართველოს პროკურატურამ ცოლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 1 პირს ბრალი წარუდგინა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 20 მარტს, ახმეტის რაიონში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს დანით 3 ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული ადგილზე მყოფმა პირებმა შეაკავეს, რა დროსაც მან დაზიანება კიდევ ერთ პირს, კერძოდ მეუღლის არასრულწლოვან ნათესავს მიაყენა.
"დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის "თ", "კ"და "მ" ქვეპუნქტებით წარედგინა (გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ქმარმა ცოლი გუშინ დაჭრა.