logo
ENG



გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბიძა: შემძულდა ეგ ბავშვი

16 თებ 202101:06
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/16/kv5dn3h64fw3l85.jpg

"შემძულდა ეგ ბავშვი" - ამბობს ბიძა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ 14 წლის გოგოზე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ის ადასტურებს, რომ თვითმკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციაში გამოკითხეს. ბიძის თქმით, სამართალდამცველები დაინტერესედნენ, იძალადა თუ არა მან გარდაცვლილზე.

"დარიგება არ აკლდა. გვერდში ვედექით მაგ ოჯახს. ბაბუა ამდენს როგორ შეძლებდა. მე არ შევხებივარ, ბავშვი არ მინახავს. პოლიციას გუშინ ვუთხარი ყველაფერი, რაც თქვენ გითხარით. თუ შეეხე ხელითო, არა-მეთქი. მე გავიგე ქალებისგან, იქ არ ჩავსულვარ და შემძულდა-მეთქი ეს ბავშვი", - განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ TV პირველთან.

15 თებერვალს, 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე მისი ბაბუა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კაცი შვილიშვილის მიმართ მუქარისა და ძალადობის ბრალდებით დაააკავეს. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე ვადით პატიმრობას ემუქრება.

ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი. გარდაცვლილის ბაბუამ თქვა, რომ თვითმკვლელობამდე გოგონაზე ორჯერ იძალადეს. მანვე აღნიშნა, რომ პირველი ინციდენტის დროს, გარდაცვლილს ინფორმაცია საკუთარი ოჯახის წევრებისთვისაც არ მიუწოდებია. 

მეორე შემთხვევა 2020 წლის დეკემბერში მოხდა, რის შემდეგაც, გოგონას ოჯახმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. სამართალდამცველებმა კი, სავარაუდო დამნაშავე გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ, 11 თებერვალს დააკავეს. საქმეზე დაკავებულს პირს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი: სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 140-ე მუხლებით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებას გულისხმობს.

თურქეთიდან დაბრუნებულმა მოზარდის დედამ ფორმულასთან შვილის თვითმკვლელობის გარშემო არსებულ მძიმე გარემოებებზე ისაუბრა. 

გარდაცვლილის დედის თქმით, საქმეზე დაკავებული პირის მხრიდან მის შვილზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შემდეგ, 14 წლის მოზარდს უკიდურესად შევიწროვებულ და ძალადობრივ გარემოში უწევდა ყოფნა. მისივე მონათხრობით, ნათესავებმა გოგოს "უმოწყალოდ სცემეს".

მისი თქმით, 14 წლის ქალიშვილის მდგომარეობის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული სოციალური მუშაკიც, რომელმაც მძიმე ემოციური და ფიზიკური გარემოებების მიუხედავად, მოზარდისთვის ფსიქოლოგის მეთვალყურეობა არ უზრუნველყო. 

დაკავებული კაცის დედა კი ამბობს, რომ ბავშვზე ბაბუა ძალადობდა, ხოლო მის შვილს "თითი არ დაუკარებია". 

ბრალდებულს აღნიშნულ საქმეზე წინასწარი პატიმრობა 13 თებერვალს შეეფარდა


close დახურვა