გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ „პარლამენტის მწვანე ინიციატივების" პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ პარლამენტის 10 გამოწვევიდან ერთ-ერთი გარემოს და ეკოლოგიას უკავშირდება. კომიტეტის თავმჯდომარემ საზოგადოებას წარუდგენა ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიის განმავლობაში იმუშავებს და გარემოსდაცვითი მიმართულებით მნიშვნელოვან სიახლეებს მოიცავს.
„ყველა კანონპროექტი, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ეხება კერძო სექტორს, არ იქნება მიღებული, სანამ არ განხორციელდება ფართო საჯარო განხილვები, მათ შორის საკომიტეტო მოსმენის დროს. ჩვენ გვექნება ცალკე შეხვედრები კერძო სექტორთან, უშუალოდ იმ მოთამაშეებთან, რომელთაც ეს კანონპროექტი შეიძლება შეეხოს და რა თქმა უნდა, გათვალისიწნებული იქნება ყველა ექსპერტის თუ სპეციალისტის მოსაზრება, თუ როგორ ჯობია შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ, რომ კანონის მიღებით რამე სხვა გვერდითი ეფექტი არ მივიღოთ, რომელიც ხელს შეუშლის მუშაობებს. თუმცა ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის გარემოს დაცვის საკითხები არის პრიორიტეტი“, - განაცხადა კუჭავამ პრეზენტაციაზე.