logo
ENG



გარემოს სააგენტო: 26-30 ივლისის მონიტორინგით, შავ ზღვაში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია

11 აგვ 202310:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/11/g14dqqv2fwa4inf.png

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 და 30 ივლისს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგის მიხედვით, წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.

მათივე ცნობით, კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

"გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობას დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის 3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები. სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს", - წერია უწყების განცხადებაში.

შავი ზღვის დაბინძურების საკითხი აქტუალური კახოვკის ჰესის დაბომბვის შემდეგ გახდა. 

6 ივნისს, რუსულმა ძალებმა ხერსონში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რის შემდეგაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

კაშხლის აფეთქებამ წყალდიდობა გამოიწვია.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჰეს-ის განადგურების შედეგად წყალდიდობას, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა, 31 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. რაც შეეხება რუსულ მხარეს, ოფიციალური მოსკოვი წყალდიდობის შედეგად 29 გარდაცვლილი ადამიანის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. 

9 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჰესის აფეთქება გლობალური პრობლემაა, დაბინძურებული წყალი შავ ზღვაში ჩაედინება. 

 


close დახურვა