ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსისკენ ქართველი მღვდელთმსახურებისთვის გზა დღეს გაიხსნა. სასულიერო პირებს საშუალება მიეცათ ამაღლების ტაძარი ენახათ. თუმცა, ეს გადაწყვეტილება სასულიერო პირების ერთგვარი პროტესტის მიზეზი გახდა და ერთადერთი, რომელმაც გადაწყვიტა ამაღლების ტაძრის მონახულება, მამა პავლე იყო. ტაძრიდან დაბრუნებულმა მამაომ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. კომენტარს არ აკეთებენ სხვა მამაოებიც.
პირად საუბარში არქიმანდრიტი კირიონი აცხადებს, რომ ის ელოდება როდის დაასტაბილურებს ხელისუფლება აზერბაიჯანთან ურთიერთობას, რათა მათ ქონდეთ არა მხოლოდ ამაღლების, არამედ უდაბნოს მთელი სამონასტრო კომპლექსის მონახულების უფლებაც. კირიონის თქმით, იქ არის ქართული დაცული ფრესკები და სასულიერო და საერო პირებს ქართლი ტაძრების მონახულების უფლება უნდა ქონდეთ.
"არაფერი შეცვლილა. ასვლა ჩვენთვისაც აღდგომის ტაძრამდეა შესაძლებელი. მთავარი ნაწილი რაც არის, ის ისევ დაკეტილია", - აცხადებს ერთ-ერთი სასულიერო პირი "ფორმულასთან" საუბრისას.
ამ წუთებში კი, როგორც ირკვევა დავით-გარეჯში საპატრიარქოს სოლიდური წარმომადგენლობა ჩავიდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავით-გარეჯში გზა 11 ოქტომბრიდან მხოლოდ სასულიერო პირებისთვის გაიხსნებოდა. შეხვედრას წინ უძღოდა საქართველოს პატრიარქის წერილი.
„ვითხოვთ, ვიდრე დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი არ დასრულებულა, აღდგეს აქამდე არსებული სტატუს-კვო და სასულიერო პირებს და ჩვენი ქვეყნის კულტურის გაცნობისათვის ჩამოსულ ტურისტებს არ შეექმნათ პრობლემა უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონახულებაზე,“ - აღნიშნული იყო წერილში.