logo
ENG



გარეჯის თემა არის დაბარების მიზეზი, რომ შემდეგ ანტისაოკუპაციო თემაზე გადავიდეთ - ქაცარავა

03 ივნ 202014:24
3 წუთის საკითხავი
 

დავით ქაცარავა აცხადებს, რომ სუს-ში დაბარების ფაქტი მისთვის მოულოდნელი იყო - როგორც მან „ფორმულასთან“ საუბარში განმარტა, გაუგებარია მისი დაბარების მიზეზი გარეჯის საკითხთან დაკავშირებით.

„როცა ვიკითხე, რასთან დაკავშირებით მიბარებენ - მითხრეს, რომ გარეჯზე უნდა დაგკითხოთო, მეტი არაფერი უთქვამთ. უცნაურია გარეჯზე ჩემი დაკითხვა. რაც მოხდა ბოლო წლის განმავლობაში, გამოძიებულიც უნდა ყოფილიყო და დასრულებულიც. ჩვენი მხრიდან დესტრუქციაზე ვერ იქნება საუბარი - ჩვენ ვეყრდნობოდით იმ დოკუმენტებს, რომლებიც გვაძლევს უფლებას, რომ დელიმიტაციიის კომისია როგორც მუშაობს, არის ანტისახელმწიფოებრივი", - აცხადებს დავით ქაცარავა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის, „ძალა ერთობაშია“ ლიდერი აცხადებს, რომ მას თავადაც აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კითხვები - ქაცარავას განცხადებით, საზღვრის გადმოწევის საკითხი აქტუალურობას არ კარგავს და მისი აზრით, მთავრობა რუსეთის ქმედებებზე ადეკვატურად არ რეაგირებს.

„ჩვენ ხელისუფლებითვის მიუღებელი ორგანიზიაცია ვართ. „ძალა ერთობაშია“ სამი წელია ყოველდღიურ რეჟიმში საოკუპაციო ხაზთანაა. ხელისუფლებამ გვაგრძნობინა, რომ ვართ მიუღებელი და ხელს ვუშლით რუსეთის მიმართ არგაღიზიანების პოლიტიკის გატარებაში. ნებისმიერ შემთხვევაში გარეჯის თემა არის მიზეზი, რომ დამიბარონ და შემდეგ უკვე შესაძლებელია ანტისაოკუპაციო თემასაც შევეხოთ", - ამბობს ქაცარავა.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის 2019 წლის შემაჯამებელ ანგარიშში გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები დესტრუქციულ კამპანია არის შეფასებული. დოკუმენტში წერია, რომ პროცესში ეროვნულ ფასეულობებს ამოფარებული ცალკეული პირები იყვნენ ჩართული. ამასთან, დღეს ონლაინ რეჟიმში ქაცარავას სასამართლო პროცესია დანიშნული. 


close დახურვა