logo
ENG



დავით ქაცარავამ კლინიკა დატოვა

20 მაი 202414:26
3 წუთის საკითხავი
 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა, კლინიკა დატოვა.

დავით ქაცარავამ ჟურნალისტებთან დაკავების დეტალები გაიხსენა და თქვა, რომ დაკავებისას სპეცრაზმელებს მისი გაგუდვის მცდელობა ჰქონდათ. 

მისი თქმით, ამჟამად მძიმე ტვინის შერყევა და მხედველობის პრობლემა აქვს. დავით ქაცარავას თქმით, კლინიკიდან პირდაპირ სამხარაულის ბიუროში მიდის, რათა ექსპერტიზა ჩაუტარდეს.

"რაც შეეხება ჩემს ზოგად მდგომარეობას - ბუნებრივია, ძალიან მძიმე ფორმით არის ტვინის შერყევა და საკმაოდ მიჭირს როგორც გადაადგილება, ასევე რაიმე სახის აქტივობა და უნდა დავემორჩილო იმ მკურნალობას, რომელიც დანიშნული მაქვს. გარკვეული პერიოდი წოლითი რეჟიმი მექნება დანიშნული. ახლა აქედან პირდაპირ მივდივართ ექსპერტიზაზე, რომ ჩატარდეს სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზა, შემდეგ იქიდან სახლში და მაქსიმალურად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე საოკუპაციო ხაზს, დავუბრუნდე პროტესტს ქუჩაში, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, ახლა რაც ხდება საქართველოში, ეს არის ეგზისტენციალური ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები, იმიტომ რომ მათ სპეცრაზმთან არანაირი კავშირი არ აქვთ, ისინი უბრალოდ ჯალათები არიან და იყო მცდელობა ჩემი გაგუდვის, რომელიც საკმაოდ ბრუტალური იყო და ეს ხდება იმ ბოლო ცემის დროს, როდესაც ყველაზე სასტიკად გამისწორდნენ ეს ჯალათები. ზოგადი მდგომარეობა არ არის მარტივი, მხედველობის პრობლემაც მაქვს", - თქვა ქაცარავამ.

პოლიციამ რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიან აქციაზე დავით ქაცარავა 14 მაისს დააკავა. მოგვიანებით, გავრცელდა დავით ქაცარავას ფოტო, სადაც ჩანდა, რომ ის სასტიკად იყო ნაცემი. 


close დახურვა