ოკუპანტების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახი ხელისუფლებას და საზოგადოებას გვერდში დგომას სთხოვს, რათა მისი შვილი გათავისუფლდეს. გატაცებულის დედის განცხადებით, შვილის შესახებ მათ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ და არ იციან, ცოცხალია თუ მკვდარია.
ოჯახი აცხადებს, რომ მათ ადვოკატიც არ ჰყავთ, რადგან მისი აყვანის უფლება არ მისცეს.
"მხოლოდ და მხოლოდ ერთს ვთხოულობთ, რომ გაათავისუფლონ ჩვენი ბიჭები უმტკივნეულოდ. არანაირი დარღვევა არ ჰქონიათ. გვერდში დაგვიდგეს თითოეული მოქალაქე და თვითონ ჩვენი ხელისუფლება, როგორც ვაჟა გაფრინდაშვილზე იბრძოდნენ და ედგნენ მხარში.
ჩვენ ვართ ინფორმაციულ ვაკუუმში. არავინ არაფერს არ გვეუბნება. ვერავისგან ვერაფერს ვიგებთ - ცოცხალია, მკვდარია, რას შვრება, როგორ არის. ჩვენ ადვოკატიც არ აგვიყვანია იმიტო, რომ არ მოგვცეს უფლება. ხელისუფლებისგან მოველით პასუხს, რა ხდება - ათავისუფლებენ, თუ მაინც და მაინც 3 თვე იქ უნდა იყოს", - აცხადებს გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის დედა.
22 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მეჯვრისხევის მკვიდრს ხვიჩა მღებრიშვილს 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი 20 აგვისტოს გაიმართა.
ცნობისთვის, ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტებმა 3 ივლისს დააკავეს - მას ე.წ. საზღვრის კვეთასა და ღამურების დაჭერას ედავებიან.