მცხეთის პოლიციაში გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვები დღეიდან გაგრძელდება. მოწმეთა ნაწილის გამოკითხვა ღამით ვერ მოესწრო. ერთ-ერთი მოწმის ადვოკატი დავით ჭიკაიძე არ გამორიცხავს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს დღეს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდეს.
„გამოიძახეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, უნდა მიეცა ჩვენება და მიეღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში, თუმცა გადაიდო გაურკვეველი მიზეზის გამო. რამდენადაც ვიცი, ყველასთან დაკავშირებით არის ანალოგიური სიტუაცია, გადაიდო აღნიშნული მოქმედებების ჩატარება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს ინფორმაცია ფაქტზე, შესაბამისად, რა ფაქტზე და კონკრეტულად რა ინფორმაციას ფლობს, ჯერ ვერ დაგიდასტურებთ. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ იმ წვეულებაზე იმყოფებოდა. მე დღეს ჩავერთე საქმეში და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებს დღეიდან წარმოვადგენ. ჩემი ინფორმაციით, მანამდე იყო დაბარებული, მონაწილეობა აქვს მიღებული გამოკითხვაში“, - განაცხადა დავით ჭიკაიძემ.
დღეს გამოიკითხებიან ავტომობილის მძღოლი და მისი მგზავრიც, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებენ. მცხეთის საპატრულო პოლიციაში გვიან ღამემდე იმყოფებოდა ერთ-ერთი მოწმის ადვოკატი მზია ქასრაშვილი. ქასრაშვილმა დადგენილება მიიღო, რის საფუძველზეც მის დაცვის ქვეშ მყოფს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.
„სამედიცინო ექსპერტიზაზეა საუბარი, გატეხილი აქვს ცხვირი, შუბლი და ამის გამო ექსპერტიზა მოვითხოვე და დაკმაყოფილდა ჩემი შუამდგომლობა. ერთ პირზეა ჯერჯერობით საუბარი სამედიცინო ექსპერტიზაზე წარდგენასთან დაკავშირებით. ეს დაზიანებები უშუალოდ კონფლიქტის დროს მიიღო, პირველ კონფლიქტში იყო ჩართული“, - განაცხადა მზია ქასრაშვილმა.