კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა შეეხო სალონებს და ესთეტიკის ცენტრებს, 18 მაისიდან 3 პირზე მეტის შეკრებაც აღარ არის დასჯადი. მალე ხელისუფლება ტურისტებისთვის საზღვრებსაც გახსნის. ამ ფონზე კიდევ უფრო გაუგებარი და არაპროპორციულია აკრძალვები, რომელსაც ხელისუფლება არ ხსნის.
ეძებენ და ამ დრომდე ლოგიკა ვერ იპოვეს ვერც რიგითმა მოქალაქეებმა და ვერც ხელისუფლების ოპონენტებმა მთავრობის გადაწყვეტილებაში. კომენდანტის საათი, მანქანით სამ კაცზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა და გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევ ძალაშია.
დედაქალაქის მოსახლეობას აქვს კითხვა როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და როდის გაუქმდება შეზღუდვები, რომლებიც უკვე 1 თვე ნახევარია მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში მოქმედებს. ის ადამიანები, რომლებიც დღეს „ფორმულამ“ ჩაწერა ამბობენ, იმისთვის, რომ სამსახურში წავიდნენ რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ და არ აქვთ საშუალება, ტაქსით გადაადგილდნენ. როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ან რა მიზანი აქვს ამ შეზღუდვას, დღეს მათ პასუხები პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან ვერ მიიღეს.
პრემიერ-მინისტრს დღის ბოლოს მისი განცხადებას განმარტებები დაამატა. მთავრობა 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, აწესებს ახალ აკრძალვას 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ. თუმცა, ამ აკრძალვების მიუხედავად, ქალაქის ცენტრი დღეს მაინც ხალხით იყო სავსე .
ხელისუფლების ოპონენტები გაუაზრებელს უწოდებენ იმ შეზღუდვებს , რომლებიც ამ ეტაპზე ქვეყანაში რჩება. ოპოზიციისთვის გაურკვეველია, რატომ არ ხსნის ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს ხელისუფლება, ან რატომ მოქმედებს ქვეყანაში კომენდანტის საათი.
არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას კერძო პარტიულ ინტერესებისთვის სიტუაციის გამოყენებაში ადანაშაულებს. ოპოზიციისთვის გაურკვეველია რატომ არ აქვთ ოჯახის წევრებს ერთად გადაადგილების საშუალება და რატომ არის დაკეტილი მეტრო, რომლითაც ათეულობით ადამიანი სარგებლობს.
ჯერჯერობით უცნობია როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მანამდე კი დედაქალაქის მერია მოსახლეობას ალტერნატიულ გადაადგილების საშუალებას, სკუტერებს სთავაზობს, რომელიც ტაქსზე ძვირია.