logo
ENG



გაუგებარია, რას უკავშირდება კომენდანტის საათის ძალაში დატოვება - სულხან სალაძე

10 მაი 202017:40
3 წუთის საკითხავი
 

არასამთავრობო სექტორში მიაჩნიათ, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელება დაიწყო, კომენდანტის საათი საჭირო იყო, თუმცა ახლა ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ. მათი თქმით, როდესაც ხვალიდან უკვე იხსნება სხვადასხვა ეკონომიკური დაწესებულება, ადამიანებს გაუჭირდებათ, რომ კომენდანტის საათის დაწყებამდე სახლებში მივიდნენ.

„არ მოგვისმენია ხელისუფლების მკაფიო განცხადებები, თუ რასთან არის დაკავშირებული, მაგალითად, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათის დატოვება. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ორშაბათიდან, პრაქტიკულად, იხსნება ძალიან ბევრი მიმართულება საქმიანობისა მცირედი შეზღუდვების გათვალისწინებით. ამ ფონზე კომენდანტის საათის დატოვება რას უკავშირდება, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა“, - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ.

იურისტი ედუარდ მარიკაშვილი ფიქრობს, რაც უფრო მეტი დრო გადის კომენდანტის საათის გამოცხადებიდან, მით უფრო ნაკლები არგუმენტი რჩება ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა არსებობდეს ეს შეზღუდვა.

„კომენდანტის საათის გამოცხადებას თავდაპირველად ჰქონდა ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია, ფაქტობრივად, ეს საზოგადოების დაკვეთაც იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას, რომ გამუდმებით უნდა არსებობდეს. რაც უფრო მეტი დრო გადის გამოცხადებიდან დღემდე, მით უფრო ნაკლები არგუმენტები რჩება ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებით თუ რატომ უნდა არსებობდეს კომენდანტის საათი დღეს ჩვენს ქვეყანაში. ნებისმიერი ასეთი შეზღუდვა კარგავს ლეგიტიმაციას და ნაკლებად არის დაკავშირებული ვირუსთან ბრძოლის მიზნებთან“, - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მოსაზრებას და გაუქმდება თუ არა კომენდანტის საათი საგანაგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვამდე. 


close დახურვა