logo
ENG



გაუჩინარებული ექიმი, რომელიც ნავალნის მკურნალობდა, ცოცხალი იპოვეს

10 მაი 202114:57
3 წუთის საკითხავი
 

ომსკის საავადმყოფოს გაუჩინარებული ყოფილი მთავარი ექიმი, რომელიც ნავალნის მკურნალობდა, ცოცხალი იპოვეს. ინფორმაციას ტვ დოჟდი ავრცელებს. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, რეგიონის ჯანდაცვის მინისტრი გაუჩინარებიდან 3 დღეში იპოვეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია და გამოკვლევები უტარდება. 

ალექსანდრ მუხაროვსკი, 7 მაისს გაუჩინარდა. ის საკუთარი კვადროციკლით ტყეში წავიდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ კონტაქტზე აღარ გამოვიდა. მოგვიანებით მისი კვადროციკლი ჭაობში იპოვეს. თავდაპირველად მუხაროვსკის მისი ახლობლები ეძებდნენ, თუმცა შემდეგ პოლიციას მიმართეს. სამძებრო სამუშაოებში პოლიციას გარდა, ჩართული იყო სამაშველო სამსახური, ვერტმფრენი და ასევე ადგილობრივი მოხალისეებიც. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ომსკის საავადმყოფოს ორი ექიმი გარდაიცვალა. სერგეი მაქსიმიშინი უშუალოდ მოწამლულ ნავალნის მკურნალობდა, თუმცა 5 თებერვალს ის მოულოდნელად გარდაიცვალა. მოგვიანებით, მარტში გარდაიცვალა კიდევ ერთი ექიმი, რომელიც ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა და მთავარი ექიმის მოადგილე იყო. 

რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის მოსკოვის სასამართლომ 3,5 წლით პატიმრობა 2 თებერვალს მიუსაჯა. რუსეთის ოფიციალური უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "ნავალნიმ პირობითი მსჯავრის პირობები არაერთხელ დაარღვია და მისი დაკავება სწორედ ამას უკავშირდება". 

ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. ის შერემეტიევოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ დააკავეს.  

მანამდე ის ბერლინში იყო, სადაც 5 თვით ადრე, ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ, სამკურნალოდ გადაიყვანეს. 

პატიმრობის მისჯის შემდეგ ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ მოუწოდეს კრემლს ნავალნის გათავისუფლებისკენ, თუმცა უშედეგოდ. მარტში, აშშ-მა და ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუს ბიზნესმენებსა და თანამდებობის პირებს სანქციები დაუწესეს


close დახურვა