გაფიცული მაღაროელები ჯორჯიან მანგანეზის განცხადებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა მაღაროების მათთვის გადაცემა არ ყოფილა.
მაღაროელები აცხადებენ, რომ ის 14 პუნქტი, რომლის შესრულებასაც კომპანიისგან ითხოვენ, მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის მატებას ეხება.
დასაქმებულები ამბობენ, რომ მათ არ სურთ ჯორჯიან მანგანეზის მაღაროები გადაეცეთ და კომპანიის განცხადება სიცრუეა.
"მაღაროს ჩვენთვის გადმოცემა არ ყოფილა მოთხოვნებში. იყო 14 პუნქტი, რაც ეხებოდა ჩვენი შრომის გაუმჯობესებას, უსაფრთხო გარემოში მუშაობას" - აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული მაღაროელი ფორმულასთან ინტერვიუში.
მაღაროელები განმარტავენ რომ კომპანიასთან 12-პუნქტიანი მოთხოვნები 2019 წელს წარადგინეს, თუმცა ეს მოთხოვნები 4 წლის განმავლობაში არ შესრულებულა. ამ პუნქტებს კიდევ 2 დაემატა - უსაფრთხო სამუშაო გარემო და ხელფასის მატება 20%-ით.
ჯორჯიან მანგანეზმა გუშინ განაცხადა, რომ კომპანია მზადაა, შეასრულოს გაფიცული მაღაროელების ერთ-ერთი მოთხოვნა და "თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს".
კომპანიის თქმით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ მათი მიზანია, "მოგვარდეს კრიზისული სიტუაცია" და შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, რადგან მათთვის "თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა".
მაღაროელები უკვე 18 დღეა, გაფიცულები არიან. მათი ნაწილი უკვე მე-12 დღეა, შიმშილობს.
გაფიცული მაღაროელების ნაწილი ჭიათურიდან თბილისში 19 ივნისს ჩამოვიდა - ისინი პარლამენტის შენობასთან ქციას მართავენ და ღამეს ათევენ. აქციაზე გაფიცულებს მოქალაქეებიც უერთდებიან და სოლიდარობას გამოხატავენ.
18 ივნისს ერთ-ერთმა მაღაროელმა, გიორგი კუპატაძემ თვალები ამოიკერა, მეორე მაღაროელმა კი ვენები გადაიჭრა. მანამდე კიდევ ერთმა თანამშრომელმა პირი ამოიკერა.
მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, გაფიცულებსა და მენეჯმენტს შორის კონსენსუსი ვერ შედგა.
15 ივნისს კომპანია ჯორჯიან მანგანეზსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის, მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომპანიამ თანამშრომლებს პროტესტის შეწყვეტა, მუშაობის განახლება და მუშაობის შედეგად ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით ბონუსების განსაზღვრა შესთავაზა. ამავე განცხადების მიხედვით გაირკვა, რომ გაფიცულ თანამშრომლებთან ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატების და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.