logo
ENG



გაფიცული მაღაროელი: ყველა ქალაქში ჩავალთ, არ გავჩერდებით, სანამ დათმობებზე არ წამოვლენ

19 ივნ 202322:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/19/q1j9i0hrv4ih3o4.png

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლები აქციების გამართვას თბილისის გარდა, სხვა ქალაქებშიც აპირებენ.

ცნობილია, რომ ჭიათურაში დღეს ტყიბულელი მაღაროელებიც ჩავიდნენ და კოლეგებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

როგორც ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელი მერაბ სარალიძე ფორმულას ეთერში ამბობს, მაღაროელებმა ჯორჯიან მანგანეზთან მოლაპარაკებების რეჟიმი "ამოწურეს".

მისი თქმით, გამართულმა 6-მა შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო, რადგან კომპანია თანამშრომლების მოთხოვნებს არ ითვალისწინებს და დათმობაზე არ მიდის. 

"მოლაპარაკებების რეჟიმი უკვე ამოვწურეთ. 6-ჯერ გავმართეთ მოლაპარაკებები. 6-ვე ჯერ იყო იგივე შემოთავაზება, რაც მანამდე ჰქონდათ. მოლაპარაკებას შედეგი არ გამოუღია - პირიქით ცუდი შედეგი დადო. მე-4 შეხვედრაზე ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ პროტესტი გამოთქვა, რომ "ჩემი სიმართლე ვერავის გავაგონე" და პირი ამოიკერა. გუშინ, შედგა მე-6 შეხვედრა, სადაც გუბერნატორი და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამრჩა შთაბეჭდილება რომ კომპანიის ინტერესებს იცავდნენ ეს ადამიანები, ჩვენი პოზიცია არც ერთს დაუცვია და კომპანიასთან არც ერთი კითხვა არ ჰქონიათ. იქიდან გამოსულმა ჩვენმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ "ამ უსამართლობის ყურება აღარ შემიძლია" და თვალები ამოიკერა. გამომდინარე იქიდან რომ ყველა მოლაპარაკებაზე ერთი და იმავეს გვეუბნებიან, შეხვედრებზე აღარ მივდივართ. კონკრეტული მოთხოვნები გვაქვს, როცა წამოვლენ დათმობებზე - გაგვაცნონ, თუ მისაღები იქნება ჩვენთვის, რა თქმა უნდა გავალთ სამსახურებში...", - თქვა მაღაროელმა

სარალიძე ამბობს, რომ მაღაროელები გაჩერებას არ აპირებენ და პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

"ერთადერთი რა დათმობაზეც წავიდნენ, დაგვაბრუნეს ძველ გეგმაზე და ძველ გრაფიკზე. დანარჩენი პუნქტები არ შესრულებულა. 2 დღის წინ დავაანონსეთ თბილისში წასვლა. ჩვენგან წავიდა 40-კაციანი ჯგუფი თბილისში, სადაც ბევრი ადამიანი შეუერთდა. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ანალოგიურს გავაკეთებთ ქუთაისში - ეს დაუზუსტებელია, მაგრამ განვიხილავთ ამ თემას, რომ ქუთაისში გავაკეთოთ იგივე, რაც თბილისში. იქ ქუთაისში ზესტაფონელებიც შემოგვიერთდებიან, თვითონ ქუთაისელებიც. არ გავჩერდებით მანამ, სანამ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება... ყველა ქალაქშიც ჩავალთ, მთელ საქართველოს მოვიცავთ, არ გავჩერდებით, სანამ ჩვენ სიმართლეს არ დავამტკიცებთ და სანამ დათმობებზე არ წამოვლენ", - თქვა მოშიმშილე მაღაროელმა.

***

პარლამენტის შენობასთან მაღაროელები ღამეს ათევენ. ისინი ჭიათურიდან დედაქალაქში დღეს ჩამოვიდნენ. აქციაზე გაფიცულებს მოქალაქეებიც შეუერთდნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს. მაღაროელების აქცია პარლამენტთან ხვალ, 18:00 საათზეც განახლდება. 

დღეს მაღაროელების პროტესტის მე-14, ხოლო შიმშილობის მე-8 დღეა. 

18 ივნისს ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, მეორემ კი ვენები გადაიჭრა. მანამდე კიდევ ერთმა თანამშრომელმა პირი ამოიკერა

მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, გაფიცულებსა და მენეჯმენტს შორის კონსენსუსი ვერ შედგა.

15 ივნისს კომპანია ჯორჯიან მანგანეზსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის, მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომპანიამ თანამშრომლებს პროტესტის შეწყვეტა, მუშაობის განახლება და მუშაობის შედეგად ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით ბონუსების განსაზღვრა შესთავაზა. ამავე განცხადების მიხედვით გაირკვა, რომ გაფიცულ თანამშრომლებთან ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატების და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.


close დახურვა