საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ გამოცხადდება ასმილიონიანი საგრანტო აუქციონი, ქვეყანაში დაუსრულებელი მშენებლობების დაზღვევისთვის.
გახარიას თქმით, სამშენებლო ბიზნესის განვითარებისთვის დაწყებულია იპოთეკური სესხების სტიმულირება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
"შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც განვიხილავთ, გახლავთ კიდევ ერთი სექტორალური დახმარების მხარდაჭერის პროგრამა. ჩვენ დღეს უნდა გამოვაცხადოთ ას მილიონი ლარის საგრანტო აუქციონი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანაირად ვაზღვევთ დაუსრულებელ მშენებლობას ქვეყანაში. მოგეხსენებათ, სამშენებლო ბიზნესის განვითარებისთვის დავიწყეთ იპოთეკური სესხების სტიმულირება, სესხის პროცენტის სუბსიდირება, როგორც ეკონომიკურ კრიზისზე პასუხი. თუმცა, ეს არ არის საკმარისი და დღეს აუქციონზე გამოვიტანთ ას მილიონიან გარანტიას, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი", - განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, 2008-2009 წლის შემდეგ დარჩენილი დაუსრულებელი შენობები საქართველოს არაერთ ქალაქს ამახინჯებენ.
ცნობისთვის, მთავრობის 28 მაისის ინიციატივით, წლის ბოლომდე დადებულ კონტრაქტებზე, ხუთი წლის განმავლობაში მთავრობა იპოთეკური სესხის ოთხ პროცენტს დაასუბსიდირებს.