პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გეგმის თანახმად, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის 60% უნდა იყოს აცრილი.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, თავდაპირველად აიცრებიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ხანდაზმულები.
"გეგმის ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ 2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების 60%. პირველ ეტაპზე ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, რა თქმა უნდა, ესენი იქნებიან სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ 60-დან 75 წლამდე ყველა ჩვენი თანამოქალაქე", - თქვა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანა ნებისმიერი ვაქცინის მისაღებად მზადაა, თუმცა, პრინციპული პოზიციაა, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ისეთი ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება ავტორიზებული. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში, კოვაქს პლატფორმის მეშვეობით, ქვეყანამ მილიონნახევარ ვაქცინა უნდა მიიღოს, მთავარი მიზანი კი ახლა ტექნიკურ დონეზე ჯანდაცვის სისტემის მომზადებაა.