logo
ENG



გახარია: არავის მივცემთ შესაძლებლობას, პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას

15 იან 202111:08
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა მოქალაქეების უფლებების შეზღუდვას არ დაუშვეს, თუმცა, მისივე თქმით, "არც არავის მისცემს შესაძლებლობას, რაიმე სახის პროვოცირება გაიწიონ რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას".

როგორც მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, შინაგან საქმეთა სამინიტროს უკვე დაევალა, იქ, სადაც პროვოცირების თუნდაც მარტივი მცდელობა იქნება, უმკაცრესად იმოქმედოს.

"რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული ფაქტია და ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ეს არის ის, თუ როგორ ვაშენებდით ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სახელმწიფოს. საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების შესრულების და არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქის უფლებები რაიმე სახით იყოს შეზღუდული, თუმცა ასევე არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს დავალება, რომ იქ, სადაც იქნება ელემენტარული, მარტივი მცდელობა რომ ხელი შეეწყოს ან პროვოცირება მოხდეს ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირების, სახელმწიფო და შსს იმოქმედებს უმკაცრესად", - თქვა გახარიამ.

გურიაში, ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმების თქმით, ქრისტიანები მათ ლოცვის საშუალებას არ აძლევენ. ამბობენ, რომ მათ სიფელშივე ერთერთი კერძო სახლი შეიძინეს და იქ სამლოცველო მოაწყვეს, თუმცა, ქრისტიანი მოსახლეობა მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ლოცვაში ხელს უშლის. 

12 იანვარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 მუსლიმს, მათ შორის ბავშვებს. შსს-მ ძალადობის მუხლით დააკავა კაცი, რომელმაც 17 წლის მუსლიმს თავში ქვა ჩაარტყა. 13 იანვარს გურიის გუბერნატორი და ჩოხატაურის მერი მათ მხოლოდ რამდენიმე წუთით შეხვდა. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

მოგვიანებით, 13 იანვრის საღამოს, ჩოხატაურის გამგეობის შენობაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, ისე გურიის გუბერნატორი და ბუკნარის მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ თქვა, სოფელ ბუკნარის მცხოვრებლები "ჩვეულებრივად გააგრძელებენ ცხოვრებას და ლოცვას". იქვე მან მსგავსი შეხვედრების გაგრძელებებიც დააანონსა.   

გუშინ, 14 იანვარს მუსლიმი თემი კვლავ შეიკრიბა ჩოხატაურის მერიასთან. ისინი ითხოვენ პირობას, რომ მუსლიმ მრევლს ლოცვაში ხელი არ შეეშლება. "ისევ ჩვენ წავალთ კომპრომისზე, არ შევაწუხებთ ქრისტიან ძმებს". - ამბობენ ისინი. 

პარტია ლელოს შეფასებით, სტრუქტურა (რელიგიის სააგენტო), რომელიც მსგავს ინციდენტებზე უნდა რეაგირებდეს, სუს-ის თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული. 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, კერძო საცხოვრებელ სახლში რელიგიური სივრცის ორგანიზება, როცა ის რაიმე სამშენებლო ინტერვენციას არ საჭიროებს, სამართლებრივ რეგულირებას ან ნებართვას არ ექვემდებარება. 

EMC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინსტროს მიიღოს სათანადო ზომები ძალადობრივი პრაქტიკის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, გაატაროს ყველა რელევანტური ღონისძიება მეჩეთის სივრცეში მუსლიმების მხრიდან ღვთისმსახურების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებისთვის. 

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით კი, ბუკნარში განვითარებული მოვლენები "შეიძლება იყოს იმის გაგრძელება, რომ 2012-2016 წლებში მომხდარ რელიგიური ნიშნით დაპირისპირებებს, სამწუხაროდ, სამართლებრივი შედეგები არ მოჰყოლია".


close დახურვა