გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციური პარტიები ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობას საპარლამენტო რეჟიმში მიიღებენ.
გახარიას თქმით, ოპოზიციურ პარტიებს ამომრჩეველმა დაავალა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტები განიხილონ.
"ბიუჯეტი გახლავთ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად, დაავალა მსგავს, ქვეყნისთვის სისტემურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეც მოხდება და ახალ წლამდე გვექნება შესაძლებლობა ბიუჯეტის შესახებ საინტერესო და მწვავე დისკუსიები გავმართოთ", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა, მაგრამ შეხვედრები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.