საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის მიმართულების გამოყოფასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება უკვე მომზადებულია.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, ახალი უწყება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით იფუნქციონირებს.
"უკვე ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და მომზადებულია მთავრობის დადგენილება იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურის, სპორტის და ამას დაემატება ახალგაზრდობის სამინისტრო. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც კულტურის, ასევე სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის.
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე, როგორც თანამედროვე ხელოვნება, არის ის უძვირფასესი ნაწილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ ყველამ ერთად და რა თქმა უნდა ცალკე სამინისტროს, ისევე როგორც სპორტის მიმართულებით, განსაკუთრებით ბოლო წლებში თუ გავითვალისწინებთ ჩვენი სპორტსმენების მიღწევებს, იმსახურებს", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც აქამდე მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით ფუნქციონირებდა, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი გახდება.
ცნობისთვის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შემდეგ უწყების მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნა განიხილება. წულუკიანი 8 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ამ პოსტზე ის 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა და ქართული ოცნების ერთადერთი უცვლელი მინისტრი იყო. ამ დროისთვის ის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს.