ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებებს ეხმაურება, რომელიც შეთანხმების გარეშე დასრულდა.
"გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას.
ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გახარიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმისა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით გაავრცელა:
"დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმისა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
ეს გარდამტეხი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში - 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის დაწყების თარიღია.
საგულისხმოა, რომ ამ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსახლეობამ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ჩათვლით. დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს დაფუძნება მათი არჩევანიცაა და ეს ისევე უნდა გვახსოვდეს, როგორც ის, რომ ჩვენი ეს რეგიონები ჯერ კიდევ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
დღეს, პატივს მივაგებთ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხსოვნას, რომელთა წვლილიც განმსაზღვრელია საქართველოს ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩამოყალიბებასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში.
სახელმწიფოს მშენებლობა გრძელი და გამოწვევებით სავსე პროცესია და ამ პროცესში თითოეული ჩვენგანი ვალდებულია საკუთარი წვლილი შეიტანოს.
30 წელი გავიდა სახელმწიფოს მშენებლობის დაწყებიდან...", - წერს გახარია.