logo
ENG



გახარია: ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები მედიისთვის საფრთხე არაა

10 ივლ 202011:15
3 წუთის საკითხავი
clock 279

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მედიის თვალსაზრისით საფრთხეს არ წარმოადგენს.

გახარიას მტკიცებით, ხსენებულ ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ ეს მედიას არ ეხება.

„ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, მედიის თვალსაზრისით არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას. ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ის, რაც ქვეყანაში აქამდე ხდებოდა, ასეთი განუკითხაობა, ეს დასასრულებელია. ქვეყანაში არსებობს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელზეც გარდა მისი მფლობელებისა, ასევე სახელმწიფოც პასუხისმგებელია. ამიტომ, იქედან გამომდინარე, სანამ ჩვენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვის სრულფასოვანი საკანონმდებლო ჩარჩო გვექნება, ჩვენ რა თქმა უნდა, მსგავს მიმართულებებზე უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა - შესწორებების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში სპეციალური მმართველები დანიშნოს ორი წლის ვადით.

კანონში შესატანი ცვლილებები მარეგულირებელ კომისიას იმ შემთხვევაში მისცემს მმართველის დანიშვნის უფლებას, თუკი დაკისრებული ჯარიმების მიუხედავად, ორგანიზაცია ვერ აღასრულებს გადაწყვეტილებას.

 


close დახურვა