პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო იმ პირველი 18 ქვეყნის სიაში იქნება, რომლებიც ფაიზარის ვაქცინას "უახლოეს პერიოდში" მიიღებენ. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ამ ვაქცინით, პირველად, მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან.
"ყველანი ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში ვაქცინასთან დაკავშირებით. უმდიდრესი სისტემური სახელმწიფოები იღებენ სულ უფრო და უფრო მძიმე შეზღუდვებს, რადგან ხედავენ, რომ ვაქცინაციის იმ გეგმას, რომელსაც ეგონათ განახორციელებენ, ვერ ახორციელებენ. ეს არის ობიექტური რეალობა.
მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, პირადად მას, რამეთუ წიდრო კომუნიკაცია გვქონდა და როგორც შედეგი, საქართველო იქნება პირველ 18 ქვეყნის სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ ფაიზერის ავქცინას. ფაიზერს მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რათა ჩვენი ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, პირველ რიგში, ავცრათ ექიმები", - აცხადებს გახარია.
30 იანვარს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დაწერა, რომ ფაიზერის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, თავდაპირველად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან, შემდეგ 75 წელს ზემოთ ხანდაზმულები. საკოორდინაციო საბჭოს წევრების განცხადებით, 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% უნდა იყოს აცრილი.
23 იანვარს ბლუმბერგმა დაწერა, რომ საქართველოს მოსახლეობის 5%-ისთვის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული, რაც 186 000 ადამიანის ვაქცინაციისთვის იქნება საკმარისი.